ხათუნა ხოფერიამ, თბილისში მიმდინარე აქციები მიმოიხილა

ხათუნა ხოფერიამ, თბილისში მიმდინარე აქციები მიმოიხილა

“ძალიან არაორდინალური სიტუაციაა ქვეყანაში, ასე გახსნილად პოლიტიკური აქციები მიმდინარეობს სრულიად სხვა სახელით, შესაბამისად, ასეთი პოლიტიკური თამაშები საზოგადოებისთვის შესაფასებლადაც ძნელია და ძნელია განსაზღვრო რით დამთავრდება ეს ყოველივე. პირველივე დღეს, ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ვიდექი პროკურატურასთანაც და პარლამენტთანაც. უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის და ჩემი შვილებისათვის, როგორც 26 მაისს დაზარალებულებისათვის, ეს გახლდათ უმძიმესი, რადგან კვლავ წვიმაში, კვლავ მაისის თვეში, ვიდექი ისევ რუსთაველზე და გარშემო იდგნენ ნაციონალები, ის ადამიანები, რომლებმაც 26 მაისს მე და ჩემი ოჯახი, პრაქტიკულად, სასიკვდილოდ გაგვწირეს. ამის მიუხედავად, ბოლომდე ვიდექი, რადგან ძალიან რთულია, როცა ქვეყანაში სამართალი არ აღსრულდება. მე ტაში დავუკარი, როდესაც ხელისუფლება წავიდა გარკვეულ დათმობებზე, ტაში დავუკარი პროკურორის გადადგომასაც, რადგან აღდგენილი სამართალი სჭირდება ჩემს ქვეყანას, მაგრამ მეორე დღეს, როდესაც სახელმწიფოსგან მიღებული გაქვს გარანტია, რომ სიმართლე დადგინდება და უკლებლივ ყველა დამნაშავე დაისჯება და მაინც აკეთებ განცხადებას, რომ პრემიერი და მინისტრთა კაბინეტი უნდა გადადგეს, რომ უნდა დაამხო ხელისუფლება, ეს უკვე აღარაა საზოგადოების მიერ ჩატარებული ჩვეულებრივი აქცია, ეს პოლიტიკური აქცია იყო „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით. არანაირი მორალური და სამართლებრივი უფლება „ნაციონალურ მოძრაობას” არ აქვს, რადგან სწორედ ისინი იყვნენ იმ 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები და ახლაც, ამ ადამიანებმა, მაქსიმალური გააკეთეს, რომ ხელისუფლება აღმოჩენილიყო ცაიტნოტში. სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით ვაკის პარკში, ახალგაზრდების აქციაზე გადავინაცვლეთ, აქცია იყო სრულიად აპოლიტიკური. ამ აქციის ორგანიზატორმა ახალგაზრდებმაც მოითხოვეს პრემიერ-მინიტრთან შეხვედრა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მათ ხელისუფლებასთან პრეტენზიები კი არა, წინადადებები ჰქონდათ. მე არ მინდა, რომ ხალხს დარჩეს ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ხელისუფლება მხოლოდ იმ ძალას ხვდება, რომელსაც ამ ქვეყნის დამხობა უნდა. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი წინააღმდეგია იმისა, რაც ხდებოდა რუსთაველზე, მეტიც, ხალხს აგრესია აქვს და ხელისუფლება თუ წავა დამნაშავეებთან ისეთ დათმობებზე, რაც არ უნდა დათმოს, შესაძლოა, ხალხმა თავად აღასრულოს სამართალი.
საზოგადოების მოთხოვნაა, დროულად იქნას გამოძიებული ეს მკვლელობა და დაისაჯონ როგორც მკვლელები, ასევე, ვინც მათ ხელს აფარებდა და მტკიცებულებებს ანადგურებდა. მოგეხსენებათ, ამ უკანასკნელს რიგითი მოქალაქე ვერ შეძლებდა. მე ხელისუფლების მხარდამჭერი გახლავართ, მაგრამ არასოდეს დამიმალავს ჩემი დამოკიდებულება კოჰაბიტაციის და პორტირების მიმართ. პროკურატურის დიდი ნაწილი კვლავაც არიან ის ადამიანები, ვინც ასრულებდნენ სააკაშვილის და ადეიშვილის ნებას, ანალოგიური სიტუაცია გვაქვს სასამართლოში, ცოტა უფრო ნაკლებად, – პარლამენტში. აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაიწყო რაღაც სასიკეთო ძვრები. ადამიანებს ბევრი კითხვები აქვს კოჰაბიტაციასთან და პორტირებასთან დაკავშირებით და არავინ აპირებს, კრავის დუმილით, მორჩილად გაჰყვეს პროცესებს. ეს ქვეყანა ძალიან დიდი ბრძოლით მოვიტანეთ აქამდე და არავინ აპირებს, „ნაციონალური მოძრაობა“ თავზე დაისვას, იმის მიუხედავად, „გირჩს დაირქმევენ“, თუ „ევროპულ საქართველოს“ – განაცხადა “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ხოფერიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები