კალაძე სააკაშვილ-ალასანიას დიალოგზე: როცა ასეთი ზიზღით მოიხსენიებს ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანას და ხალხს, ვფიქრობ, ყველასთვის ყველაფერი ნათელია

კალაძე სააკაშვილ-ალასანიას დიალოგზე: როცა ასეთი ზიზღით მოიხსენიებს ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანას და ხალხს, ვფიქრობ, ყველასთვის ყველაფერი ნათელია

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ სპეციალურ დანიშნულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრა შეაფასა, რომელიც დღეს შედგა.
“ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტების წინაშე ამომწურავად განმარტა ყველა აქტუალური საკითხი, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას, მათ შორის ის საკითხები, რომელთა გამოყენებასაც პარტიული ტელევიზია – „რუსთავი 2“ საარჩევნოდ ნეგატიური ფონის შესაქმნელად იყენებდა. ჩვენ გვაქვს მყარი პრინციპები და ღირებულებები და ეს არის გარანტია იმისა, რომ „ქართული ოცნება“ არასოდეს დაუშვებს ისეთ გადაცდომებს, რომლებიც საზოგადოებას ძალიან ცუდად დაამახსოვრდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობიდან”,- განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერი გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებსაც გამოეხმაურა, რომელიც სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისა და მისი ბიძის, თემურ ალასანიას საუბარს ასახავს.
“ზოგადად, სამწუხაროა, რომ ეს საარჩევნო კამპანია არსებითად არა საპრეზიდენტო კანდიდატების სამომავლო ხედვების წარდგენის რეჟიმში, არამედ ფარული ჩანაწერების ფონზე წარიმართება. ამ საუბარმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რა ხალხთან გვაქვს საქმე, როგორ არის მოწყობილი მათი აზროვნება, რა გეგმები აქვთ მათ საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და როგორია მათი დამოკიდებულება საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ.
როდესაც ასეთი ზიზღით მოიხსენიებს ყოფილი პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს, ვფიქრობ, ყველასთვის ყველაფერი ნათელია. ამ ჩანაწერის მოსმენისას, ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ პასუხი კითხვაზე, თუ რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების მთავარი მიზეზი: ისე რომ მოექცე საკუთარ ქვეყანას და ხალხს, როგორც სააკაშვილის რეჟიმი ექცეოდა, ეს ქვეყანა და ხალხი აუცილებლად უნდა გძულდეს.
არავითარი მნიშვნელობა არ აქვს „ნაციონალური მოძრაობა“ ცნობს თუ არა ამ ჩანაწერის ავთენტურობას, მისი უტყუარობის მთავარი მტკიცებულება სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულებია. ჩვენ არავის, და მით უმეტეს „ნაციონალურ მოძრაობას“, არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ თუნდაც მინიმალურ დონეზე შეიტანონ არეულობა და დესტრუქცია პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ასეთი აზროვნების მქონე ადამიანებმა თუნდაც მცირე დოზით მოახერხონ რეანიმაცია ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში. ამაზე არის პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“ ქართული საზოგადოების წინაშე”,- აღნიშნა კახა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები