კახა კუჭავა – ოკუპაცია დასრულდება და მომავალი თაობები გამთლიანებულ საქართველოში იცხოვრებენ

კახა კუჭავა – ოკუპაცია დასრულდება და მომავალი თაობები გამთლიანებულ საქართველოში იცხოვრებენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ და  პარლამენტის წევრებმა, აღმასრულებელ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომის მე- 13 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მათ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და თანადგომა გამოუცხადეს.

„ეს ადამიანები არიან გმირები. მათ  სამუდამოდ დატოვეს სახელი ქვეყნის დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში. და ამით ნამდვილად უნდა იამაყოს თითოეულმა ქართველმა და მათმა ოჯახებმა. ოკუპაცია არის დროებითი და ჩვენ მას მალე დავასრულებთ“,– ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიის შემდეგ განაცხადა.

კახა კუჭავას განცხადებით, რუსეთის აგრესია, საქართველოსთან ერთად მთელი მსოფლიო ებრძვის. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს. რომ აგრესია დასრულდება და მომავალი თაობები გაერთიანებულ საქართველოში იცხოვრებენ.

„ძალიან მძიმე დღეებია მთელი საქართველოსთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. 13 წლის წინ დაიწყო სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, 20 პროცენტი ჩვენი ტერიტორიების ოკუპირებულია. ძალიან მძიმე სანახავია, როდესაც მოვდივართ აქ, სასაფლაოზე და ჩვენი გმირების ოჯახებს ვხედავთ, მათ შვილებს, მშობლებს, მეუღლეებს. რთულია, რა თქმა უნდა, გაიზიარო ისე, როგორც თვითონ იზიარებენ ამ წუხილს, მაგრამ ფაქტი ერთია, ეს ადამიანები არიან გმირები და სამუდამოდ დატოვეს სახელი ქვეყნის დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში. და ამით ნამდვილად უნდა იამაყოს თითოეულმა ქართველმა და მათმა ოჯახებმა. ოკუპაცია არის დროებითი და ჩვენ მას ძალიან მალე დავასრულებთ. რუსეთი არის აგრესორი და რუსეთის აგრესია აუცილებლად დამთავრდება მალე და ამას ებრძვის არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო. ეს ის რეალობაა, რომლის წინაშეც ვდგავართ ჩვენ და ჩვენი მომავალი თაობები დარწმუნებული ვარ გაერთიანებულ საქართველოში იცხოვრებენ“,-განაცხადა კახა კუჭავამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები