კახა კუჭავა – ეროვნული გმირი ჟიული შარტავა არის სიმბოლო თავდადების, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლის

კახა კუჭავა – ეროვნული გმირი ჟიული შარტავა არის სიმბოლო თავდადების, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ სენაკში, მერობის კანდიდატის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ეროვნული გმირი, ჟიული შარტავა გაიხსენა.

კუჭავას თქმით, ჟიული შარტავა არის სიმბოლო თავდადების, ხალხზე ზრუნვის, ქვეყნის დამოუკიდებლობის და ერთიანობისთვის ბრძოლის, იგი არის ბრწყინვალე მაგალითი, როგორ უნდა ვიზრუნოთ ქვეყანაზე.

მოგესალმებით, სენაკელებო, მივესალმები ჩვენს ძვირფას სტუმრებს. ნურავინ მიწყენს, მივესალმები სენაკელ კუჭავებს, რომლებიც განსაკუთრებულად ბევრია ამ მუნიციპალიტეტში. მინდა, გავიხსენო საქართველოს ეროვნული გმირი, ჟიული შარტავა, რომელიც ზუსტად ამ კუთხიდანაა. ეროვნული გმირი, რომელიც არის სიმბოლო თავდადების, ხალხზე ზრუნვის, ქვეყნის დამოუკიდებლობის და ერთიანობისთვის ბრძოლის, რომელმაც თავი შესწირა იმ ღირებულებებს, იმ მიზანს, რასაც საუკუნეების მანძილზე ემსახურებოდა ყველა ქართველი გმირი. იგი არის ბრწყინვალე მაგალითი, როგორ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე და ხალხზე“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

სიტყვით გამოსვლისას კახა კუჭავამ ყურადღება გაამახვილა ძლიერ რეგიონებზე და აღნიშნა, რომ ქვეყანა ვერ იქნება ძლიერი განვითარებული რეგიონების გარეშე. ამიტომ, კუჭავას განმარტებით, მნიშვნელოვანია რეგიონების განვითარებაზე მორგებული კონკრეტული პროექტების განხორციელება.

დღეს ვიმყოფებით ამ ულამაზეს ადგილას, ნოქალაქევში. იგი იყო სიძლიერის სიმბოლო და ასეთად დარჩება საუკუნეების მანძილზე. სიძლიერე, რომელიც ძალიან გვჭირდება დღეს ჩვენ, მთლიანად ქვეყანას და ქვეყანა ვერ იქნება ძლიერი, თუ არ გვექნება ძლიერი რეგიონები. მთავარი მიზანია, განვახორციელოთ როგორც გრძელვადიანი გეგმები, ისე კონკრეტულად რეგიონების განვითარებაზე მორგებული  პროექტები. აუცილებელია, დავძლიოთ ყველა ის გამოწვევა და პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს ჩვენ ვდგავართ“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა პანდემიასთან დაკავშირებითაც, რომელიც მთელი მსოფლიოს გამოწვევაა. კუჭავამ მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

„არ შეიძლება, არ ვახსენოთ პანდემია – იგი არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად მსოფლიოს გამოწვევა. ჩვენ ვალდებულები ვართ, წვლილი შევიტანოთ პანდემიასთან ბრძოლაში, დავიცვათ რეკომენდაციები და ავიცრათ, რაც აუცილებელია, რომ საბოლოოდ დავძლიოთ პანდემია. როდესაც განვითარებას ვახსენებთ, არ შეიძლება, არ ვისაუბროთ იმ პროექტებზე, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით არსებობს. იქნება ეს სოფლის მეურნეობა, განათლება, ინფრასტრუქტურის პროექტები, ეკონომიკის მიმართულებით, „აწარმოე საქართველოში“ და სხვადასხვა შესაძლებლობები, რასაც ხელისუფლება ქმნის, რათა ადგილობრივ დონეზე მეტი ჩართულობა იყოს, უფრო განვითარდეს აგრო და ეკო ტურიზმი. ჩვენ უნდა შევძლოთ, შევქმნათ ღირებულებითი ქსელი, რომელიც არა მხოლოდ ერთ ან ორ კონკრეტულ ლოკაციას და ატრაქციას შექმნის, არამედ შექმნის შესაძლებლობის იმ წრეს, რომელშიც სრულიად მოიცავს როგორც ახალგაზრდებს, ასევე ყველა ასაკის წარმომადგენელს, ვისაც სურვილი აქვს, იმუშაოს და ასეთები ამ რეგიონშიც ბევრი არიან“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

რაც შეეხება სენაკის მერობის კანდიდატ ვახტანგ გადელიას, კუჭავას თქმით, ის გამორჩეულია შრომისუნარიანობით და დარწმუნებულია, ოთხი წლის შემდეგ იამაყებენ შედეგებით, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტი მისი ხელმძღვანელობით მიაღწევს.

„ვიცი, რომ ჩვენ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ. როდესაც წარმატებაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება, არ ვისაუბროთ ადგილობრივ თვითმართველობაზე, კანდიდატსა და იმ გუნდზე, რომელიც წარმოდგენილია. ვახტანგი, გამორჩეული ახალგაზრდაა თავისი ჟინით, შრომისუნარიანობით და დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის შემდეგ შევძლებთ, ვიამაყოთ იმ შედეგებით, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტი მისი ხელმძღვანელობით მიაღწევს. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია წარმომადგენლობა საკრებულოში. მერს სჭირდება ძლიერი გუნდი, რომელსაც მხარს უნდა უმაგრებდეს საკრებულო უმრავლესობის სახით, რათა ყველა გადაწყვეტილება, ყველა პროექტი, თუ ძირითადი მიმართულებები შესრულდეს ადგილობრივ დონეზე. მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ უალტერნატივო ძალას, რომელმაც ამ წლების განმავლობაში აჩვენა განვითარება, სტაბილურობა და ჩვენ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები