კახა კალაძემ ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თავის ყოფილ კონკურენტებს თანამშრომლობა შესთავაზა

კახა კალაძემ ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თავის ყოფილ კონკურენტებს თანამშრომლობა შესთავაზა

ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, რომელმაც ცესკოს მონაცემებით დედაქალაქის მერის არჩევნებში პირველ ტურშივე მოიპოვა გამარჯვება, ბრიფინგი გამართა. კახა კალაძემ ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თავის ყოფილ კონკურენტებს თანამშრომლობა შესთავაზა:

„დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გამოცხადებული მხარდაჭერისთვის და მოგილოცოთ ეს დამაჯერებელი გამარჯვება. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ამავდროულად, დიდი პატივია, ვიყო ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის, თბილისის მერი. თქვენი მხრიდან გამოცხადებული მაღალი მხარდაჭერა კი მიორმაგებს პასუხისმგებლობას და მაძლევს სტიმულს თავდაუზოგავად ვიმუშაო ჩვენი ქალაქის თითოეული თბილისელის წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევისთვის.

ჩატარებული სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებით საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის დემოკრატიული სამყაროს, ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. მინდა ყველამ იცოდეს, რომ არჩევნებში არავინ დამარცხებულა. ამ არჩევნებში გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, გაიმარჯვა თბილისმა და თითოეულმა თბილისელმა. მერიის კარი ღია იქნება თბილისის თითოეული გულშემატკივრისთვის, ნებისმიერი კონსტრუქციული ძალისთვის და თუნდაც ჩემი ყოფილი კონკურენტებისთვისაც, რომელთაც კონკრეტული რეალისტური იდეები აქვთ და სურთ, საკუთარი წვლილი შეიტანონ ჩვენი დედაქალაქის უკეთესი მომავლის მშენებლობაში. ამაზე უკვე ვისაუბრე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მართლაც, თუ მათ გააჩნიათ კონკრეტული ხედვები, იდეები, კონკრეტული პროექტები თბილისთან დაკავშირებით, მზად ვარ თანამშრომლობისთვის.პირველივე დღიდან აქტიურად შევუდგებით თბილისში არსებული პრობლემების მოგვარებას და ჩვენ მიერ დეკლარირებული პროგრამის განხორციელებას. ჩვენი მუშაობის პოზიტიურ შედეგს ძალიან მალე შეიგრძნობს თითოეული თბილისელი და დარწმუნებული ვარ, ჩვენი საყვარელი ქალაქი მალე გადავა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე. ერთმანეთში გვერდში დგომით, ერთმანეთის მხარდაჭერით და ჩვენი ქალაქის სიყვარულით, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველის. ჩვენ ყოველდღიურად უნდა გავიმარჯვოთ თბილისის და თბილისელების პრობლემებზე. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება და თბილისი აუცილებლად იქნება კიდევ უფრო სოლიდარული, ჯანსაღი და სიცოცხლით სავსე ქალაქი“- განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები