კახა კალაძე: წელს საჯარო ბაგა-ბაღების რაოდენობა 186-მდე გაიზარდა

კახა კალაძე: წელს საჯარო ბაგა-ბაღების რაოდენობა 186-მდე გაიზარდა

წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გათვალისწინებულია 13,4 მლნ ლარი, ხოლო 2022 წელს ბიუჯეტი კიდევ უფრო იზრდება და ამ მიზნით 19 მლნ ლარია განსაზღვრული, – ამის შესახებ კახა კალაძემ საბავშვო ბაღებზე საუბრისას დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერმა 2018 წლიდან დღემდე ამ კუთხით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს 11 საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელთაგან 3 ავარიული შენობების ნაცვლად შენდება.

„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 4 ოქტომბრიდან განახლდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, რომელიც პანდემიური ვითარების გამო შეჩერებული იყო. იქამდე, ვიდრე აღდგებოდა სასწავლო პროცესი, ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტების 10 სახეობა 60 000-მდე აღსაზრდელის ოჯახს დაურიგდა.

მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ წელს საჯარო ბაგა-ბაღების რაოდენობა 186-მდე გაიზარდა: 4 ოქტომბერს პირველად მიიღო აღსაზრდელები თბილისის #104 ბაგა-ბაღმა. ეს გახლავთ ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი, რომელიც მუხიანის პირველ მიკრორაიონში გაიხსნა.

2018 წლიდან დღემდე თბილისში აშენდა და გაიხსნა 18 ახალი საბავშვო ბაღი, ხოლო რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 საბავშვო ბაღის ავარიულ შენობებს.

ამჟამად, მიმდინარეობს 11 საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელთაგან 3 ავარიული შენობების ნაცვლად შენდება.

მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება გამაგრება-რეკონსტრუქციის კიდევ კიდევ ერთი პროექტი 89-ე ბაგა-ბაღში, რომელიც გლდანის ა-მიკრორაიონში მდებარეობს.

ამჟამად, მიმდინარეობს ორი საბავშვო ბაღის შენობების გამაგრება-რეკონსტრუქციის პროცესი, რომელთაგან ერთი – 155-ე ბაღი, წლის ბოლომდე დასრულდება და ალტერნატიულ ფართში გადასული კონტინგენტი დაუბრუნდება განახლებულ ბაღს.

ეს პროცესი განუხრელად გრძელდება და გაგრძელდება მომავალ წელსაც. წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გათვალისწინებულია 13,4 მლნ ლარი, ხოლო 2022 წელს კიდევ უფრო იზრდება ბიუჯეტი და განსაზღვრულია 19 მლნ ლარი“, – განაცხადა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები