კახა კალაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს გამოეხმაურა – “მოქალაქეების ჯგუფმა დახაზა, რათა მერია უნიათოდ წარმოეჩინათ”

კახა კალაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს გამოეხმაურა – “მოქალაქეების ჯგუფმა დახაზა, რათა მერია უნიათოდ წარმოეჩინათ”

დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელებულ გზის ფოტოზეც ისაუბრა.

როგორც მან განმარტა, სურათზე “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) მიერ ფრაგმენტულად შესრულებული საგზაო სამუშაო იყო, რომელიც მოქალაქეების ჯგუფმა დახაზა, რათა მერია უნიათოდ წარმოეჩინა.

​მისივე თქმით, საზოგადოებამ იცოდა, რომ მერიას პროექტი მზად ჰქონდა და სამუშაოების დასაწყებად კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას ელოდებოდა.
“ვფიქრობ, ყველას გეცნობათ ეს ფოტო, რომელიც ძალიან პოპულარობით სარგებლობდა ჩვენს ოპონენტებში. აქ სამუშაოები კომპანია GWP-მ აწარმოა. ტერიტორიაზე ფრაგმენტული დაზიანება იყო. სამუშაოების განხორციელების შემდეგ, მოქალაქეების ჯგუფმა გზის დახაზვის სამუშაოები ჩაატარა, რომ გამოეყვანათ, თუ როგორი უნიათოა დედაქალაქის მთავრობა, სამგორის რაიონის გამგეობა და როგორ დახაზვებს აკეთებს. ხედავთ, რა დონეზე არიან დასული და სად არიან. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ჩვენ პროექტი მზად გვქონდა და ველოდებოდით მხოლოდ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას, რათა სამუშაოები დაგვეწყო. ასეთ ხუმრობას ზოგიერთმა ტელეკომპანიამ სიუჟეტებიც კი მიუძღვნა. სად არიან ხომ ხვდებით. თითქოს, ამაზე მეტი პრობლემა არ გვქონდეს თბილისში”, – განაცხადა კახა კალაძემ.
​თბილისის მერის თქმით, პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 600 ათას ლარს შეადგენს.
„სამგორის რაიონში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, რომელიც წმინდა ბარბარეს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-მოწესრიგებას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 600 ათას ლარს შეადგენს. ჯამში, 10 440 კვ. მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება და მთლიანად მოწესრიგდება. ასევე, მოეწყობა გრუნტის დამჭერი ორი კედელი და საცხოვრებელ კორპუსებთან მისასვლელი ორი კიბე. პროექტის შედეგად, იქ არსებული მდგომარეობა მთლიანად გამოსწორდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები