კახა კალაძე ყვითელ მიკროავტობუსებზე გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მათმა დიდმა ნაწილმა ტექდათვალიერება ვერ გაიარა

კახა კალაძე ყვითელ მიკროავტობუსებზე გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მათმა დიდმა ნაწილმა ტექდათვალიერება ვერ გაიარა

თბილისის მერი კახა კალაძე ყვითელ მიკროავტობუსებზე გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მათმა დიდმა ნაწილმა ტექდათვალიერება ვერ გაიარა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ, ამ კომპანიის მფლობელებს მოუწევთ იმაზე ფიქრი, რომ თავიანთი პარკი განაახლონ.
მისივე თქმით, თუ ისინი ვერ დააკმაყოფილებენ არსებულ მოთხოვნებს, პრობლემები შეექმნებათ.
თბილისის მერმა ფეხზე მდგომი მგზავრების პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ამ მხრივ აღსრულების ნაწილი გასამკაცრებელია.
“არამხოლოდ ეს კომპანია, არამედ ჩვენი საკუთარი ყვითელი ავტობუსები, გამონაბოლქვის თვალსაზრისით, ქმნიან სერიოზულ პრობლემას. ჩვენ გაჟღერებული გვაქვს, რომ როდესაც დავიწყებთ ახალი ავტობუსების შემოყვანას, ყვითელი მიკროავტობუსების კომპანიის მფლობელებს აუცილებლად მოუწევთ იმაზე ფიქრი, რომ თავიანთი პარკი განაახლონ, რადგან იქნება ძალიან მაღალი კონკურენცია. თუ ეს კომპანია არ დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც გვექნება, რა თქმა უნდა, პრობლემები შეექმნებათ იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ვერ გაუწევენ კონკურენციას ახალ ევროპული ტიპის ავტობუსებს, რომელსაც მერია შემოიყვანს.
ფეხზე მდგომი მგზავრების უსაფრთხოების გამო ხდება, რომ ყველაფერი იყოს წესრიგში. ასე რომ, აღსრულების ნაწილში უნდა ვიყოთ უფრო მკაცრები”, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისათვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 16 მარტს, თბილისის მასშტაბით ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით გამოწვეული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში 2017 წელს ჩატარებული კვლევის შედეგია ასახული. აუდიტის დასკვნის თანახმად, 2017 წელს თბილისში მოსიარულე 816 მუნიციპალური ავტობუსიდან 143-ს არ უწევდა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, დანარჩენი 673 ავტობუსიდან, 456-მა ავტობუსმა (68%) ინსპექტირება ვერ გაიარა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები