კახა კალაძე: მოგიწოდებთ, კიდევ ერთხელ უთხრათ უარი სიყალბეს და მხარი დაუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს

კახა კალაძე: მოგიწოდებთ, კიდევ ერთხელ უთხრათ უარი სიყალბეს და მხარი დაუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კალაძის განცხადებით, ეს არჩევნები იქნება წყალგამყოფი სიმართლესა და სიყალბეს, პრინციპულობასა და უპრინციპობას, პროდასავლურობასა და ანტიდასავლურობას – „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. კახა კალაძემ საქართველოს მოსახლეობას, პარტიის სახელით, კიდევ ერთხელ მოუწოდა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ.
„ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამ არჩევნებით უნდა დავამკვიდროთ ახალი, ჯანსაღი და დემოკრატიული კონსტიტუციური ტრადიცია. ჩვენ უნდა ავირჩიოთ საქართველოს პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი.
სწორედ ასეთი პრეზიდენტი იქნება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი: დიდი ქართველების შთამომავალი ქალბატონი, სამაგალითო მეუღლე, დედა და სამშობლოს პატრიოტი; გამორჩეული დიპლომატიური გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანაში; პრინციპული პოლიტიკოსი, რომელიც ერთ-ერთი პირველი დაუპირისპირდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს და წლების მანძილზე იბრძოდა სამართლიანობისა და დემოკრატიის დასაცავად.
ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი წყალგამყოფი სიმართლესა და სიყალბეს, პრინციპულობასა და უპრინციპობას, პროდასავლურობასა და ანტიდასავლურობას – „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის.სალომე ზურაბიშვილი იზიარებს იმ ღირებულებებს, რომელზეც დგას „ქართული ოცნება“, იზიარებს ჩვენი დღევანდელი განცხადების პათოსს და სწორედ ამიტომ დგას ის დღეს ჩვენთან ერთად. მოგიწოდებთ, კიდევ ერთხელ უთხრათ უარი სიყალბეს, უპრინციპობას და ანტიდასავლურ ძალას და არჩევნებში მხარი დაუჭიროთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები