კახა კალაძე – ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია განათლება

კახა კალაძე – ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია განათლება

“რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები, რომელსაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში ღირსეული პასუხი უნდა გაეცეს. დარწმუნებული ვარ, ერთიანი გუნდით და ძალისხმევით მოვაგვარებთ და ღირსეულად ვუპასუხებთ პრობლემებს, რომლებიც ფოთში არსებობს”,- ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ფოთში, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი განათლებაა.

“მოხარული ვარ, რომ დღეს, ჩვენს ერთგულ მხარდამჭერებთან ერთად, ამ ულამაზეს ქალაქში ვიმყოფები.

ფოთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ევროპული ტიპის ქალაქია, რომლის განვითარებაშიც უდიდესი წვლილი აქვს დიდ ქართველს, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებას, ნიკო ნიკოლაძეს, რომელმაც პატარა, ჭაობიანი ადგილი საქართველოს გამორჩეულ, უდიდესი პერსპექტივის მქონე ქალაქად აქცია.

ფოთი ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ქალაქია, ერთ-ერთი მთავარი ცენტრი საქართველოს ლოგისტიკური, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული კუთხით. ფოთის პორტში ინტენსიურად მიმდინარეობს PACE ტერმინალის პროექტის განხორციელება, რომელშიც ამერიკული ინვესტიციაა ჩადებული და რომელიც დამატებითი ინვესტიციების შემოსვლას, დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას უზრუნველყოფს მომდევნო წლების განმავლობაში.

ჩვენი გუნდი, „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან შეუდგა ყველა იმ გამოწვევაზე მუშაობას, რაც 2012 წლამდე არსებობდა სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონების განვითარებაზე, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და, რაც მთავარია, რიგითი მოქალაქეების საჭიროებების უზრუნველყოფაზე. ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ეს პროგრესი თითოეულ ოჯახზე აისახებოდეს, ყველას ჰქონდეს ღირსეული ცხოვრების პირობები და შესაძლებლობა, რომ საკუთარი საქმე წამოიწყოს და საკუთარი ოჯახი არჩინოს.

ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია განათლება, რომელმაც ჩვენი შვილების, შვილიშვილების ნათელი მომავალი უნდა უზრუნველყოს. თანამედროვე სამყაროში, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან კონკურენცია შესაძლებელია, თუ გვექნება კარგი განათლება და გამართული განათლების სისტემა. სწორედ ამისთვის გამოიყო ბიუჯეტის მეოთხედი განათლების დაფინანსებაზე, სწორედ ამიტომ განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი, სადაც ახალგაზრდებს საკუთარ ქვეყანაშივე, წამყვანი ევროპული უნივერსიტეტების დონის განათლების მიღება შეეძლებათ. ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის, რომ განათლებული მოქალაქეებისგან და ეკონომიკურად ძლიერი ოჯახებისგან შემდგარი ქვეყანა ავაშენოთ, რომელიც ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს.

რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები, რომელსაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში ღირსეული პასუხი უნდა გაეცეს. დარწმუნებული ვარ, ერთიანი გუნდით და ძალისხმევით მოვაგვარებთ და ღირსეულად ვუპასუხებთ ამ პრობლემებს, რომელიც ფოთში არსებობს და ფოთის მოსახლეობას აწუხებს. ერთად საქართველოს წარმატებისკენ!”,- განაცხადა კალაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები