ჯაბა ჯიშკარიანი 16 იანვრის საკრებულოს სხდომაზე მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა

ჯაბა ჯიშკარიანი 16 იანვრის საკრებულოს სხდომაზე მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა

თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი  ჯაბა ჯიშკარიანი 16 იანვრის საკრებულოს სხდომაზე მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა, რომლის დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა  სხდომაზე მოქალაქე ლალი ჯაბანაშვილი მოიყვანეს და განაცხადეს, რომ მას სახელმწიფომ სოციალურად დაუცველის სტატუსი მოუხსნა.

ჯაბა ჯიშკარიანის თქმით, ლალი ჯაბანაშვილისთვის, რომელიც აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის დედაა, სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნა მისი პირადი განცხადების საფუძველზე მოხდა. მისივე თქმით, ქალბატონი ლალი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გატარებული რეფორმის შედეგად, სახელმწიფოსგან ყოველთვიურად ათასლარიან  კომპენსაციას იღებს.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქალბატონი ლალისთვის სოციალური სტატუსი ხელისუფლებას არ მოუხსნია, არამედ აღნიშნულმა მოქალაქემ, თავად განაცხადა უარი დეკლარაციის შევსებაზე, რაც სტატუსის მიღების აუცილებელი წინაპირობაა. სწორედ ლალი ჯაბანაშვილის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებაზე უარი გახდა სტატუსის შეჩერების მიზეზი და არა რაიმე სხვა“, – განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

ჯაბა ჯიშკარიანმა ოპონენტებს  მსგავსი უხერხული თემებით მანიპულირებისგან და მოსახლეობის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები