ირაკლი ზარქუამ თბილისის 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა

ირაკლი ზარქუამ თბილისის 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ თბილისის 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, მერიაში და მის საქვეუწყებო დაწესებულებებში შტატების რაოდენობა არათუ იზრდება, არამედ მცირდება. ასევე ირაკლი ზარქუას განმარტებით, არ იმატებს არც სახელფასო ფონდი, რომელიც ოთხმოცდაორი მილიონ ექვსასი ათასი ლარით არის განსაზღვრული.

დეპუტატი აცხადებს, რომ მერიაში დაანონსებული სტრუქტურული ცვლილებებით,  სამსახურების ოპტიმიზაცია განხორციელდა და „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში“  მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან 158 შესაბამისი სპეციალისტი იქნება გადმოყვანილი.  ზარქუას განმარტებით, რეალურად ახალი შტატების დამატება არ ხდება და ყველა ეს ადამიანი ერთი ქოლგის ქვეშ იმუშავებს იმისთვის, რომ თბილისელებს გაუმჯობესებული სერვისები მიაწოდონ.

ირაკლი ზარქუამ ასევე განმარტება გააკეთა „საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტოზეც“ და აღნიშნა, რომ ამ უწყებაშიც მერიის სხვადასხვა სამსახურებში საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით მომუშავე თანამშრომლების გაერთიანება მოხდება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები