ირაკლი ზარქუა: სააკაშვილის ივანიშვილთან საპირწონედ დაყენება ამორალურია

ირაკლი ზარქუა: სააკაშვილის ივანიშვილთან საპირწონედ დაყენება ამორალურია

ეტყობა, კუბილიუსს ინფორმაცია არ აქვს, რომ სააკაშვილი ძებნილია და დადანაშაულებულია არაერთ სამართალდარღვევაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და დასაბრუნებლად მიმართვა, არაგონივრული საქციელია.

„არა მხოლოდ კუბილიუსის, არამედ მარგინალური ოპოზიციის გარკვეული ნაწილიც ამას ითხოვს. უკვე მიხვდნენ, რომ ყველა ბრძოლა წააგეს. კუბილიუსის ეს განცხადება ყოვლად მიუღებელია. ეტყობა, კუბილიუსს ინფორმაცია არ აქვს, რომ სააკაშვილი ძებნილია და დადანაშაულებულია არაერთ სამართალდარღვევაში. მათ შორის გირგვლიანის თემაზე, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ ეს იყო ამ ადამიანის წინააღმდეგ შეთანხმებული მოქმედება.

გელაშვილის ცემის თემაზე პირდაპირ არის მითითებული, ვისი დაკვეთით და როგორ მოხდა, აქაც დადანაშაულებულია. იცით, კორუფციის თემაზეც სახელმწიფო სახსრებს და ბიუჯეტს როგორ იყენებდა ეს ვაჟბატონი. ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ, ამიტომაც, მიუღებელია, რომ ის რამე ფორმატის მოლაპარაკებებში იყოს წარმოდგენილი.

რაც შეეხება სააკაშვილის ივანიშვილთან საპირწონედ დაყენებას, ესეც ამორალურია. ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც უკვე ათეული წლებია ყველა ინსტიტუციის გამართულად მუშაობის გარანტი იყო. კაცმა თქვა, რომ ახლა უკვე მიხედეთ, აგერ გაქვთ სახელმწიფო, გაქვთ ინსტიტუციები და მე პოლიტიკიდან გავდივარ. ახლა კიდევ ვთხოვოთ დაბრუნება, მოლაპარაკებებში ჩაერთოს, ეს არაგონივრული, არამიზანმიმართული და არაარგუმენტირებულია. კუბილიუსს და დანარჩენ ევროპარლამენტარებს მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გაეცნონ, რა დაკვეთა აქვს ქართულ საზოგადოებას „ენდიაის“ კვლევებში. რა დაკვეთა და მოთხოვნა აქვთ ევროპარლამენტს და სენატს, იმის მიხედვით მიხვდება, რომ სააკაშვილი ამ ქვეყნისთვის არის ზარალი და სააკაშვილი ამ ქვეყნის განვითარებისთვის მუხრუჭია. რაც უფრო მალე ჩამოიშორებს ამ ადამიანს, როგორც მისი პარტია და კუბილიუსები, მათთვის უკეთესი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ეფექტიანი იქნება, თუ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობას ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი მიიღებენ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები