ირაკლი ზარქუა: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და…

ირაკლი ზარქუა: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და…

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა ოპოზიციის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ თბილისი მერიაში კადრების შერჩევა ნეპოტიზმით ხდება, პასუხობს. დეპუტატის თქმით,  „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი აგონიაში არიან.

„კონკრეტულად, საკითხი ეხება სამსახურში ვებ-დიზაინერის დროებით აყვანას. „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს,  რომ  საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეული სარგებელი მიიღოს. სხვას ვერაფერს დავარქმევ იმ განცხადებებს, რაზეც დღეს  ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.  დღესაც,  საჯარო სექტორში უამრავი ადამიანი მუშაობს, რომლებსაც განსხვავებული  პოლიტიკური შეხედულებები აქვთ. ჩვენ ის გუნდი ვართ, რომელიც თანამშრომლებს არ ვყოფთ პოლიტიკური ნიშნით.  მსგავსი მიდგომა „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა და სწორედ მათი მმართველობის პერიოდში ხდებოდა ადამიანების პოლიტიკური ნიშნით შერჩევა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ მერიის მიერ, 2018 წლის თებერვალში საჯაროდ გამოცხადდა ვაკანსია,  სადაც   10 განცხადება შევიდა. კადრის შერჩევა კი   გარკვეული ეტაპებისა და კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ მოხდა. ირაკლი ზარქუას თქმით, ვაკანსია ვებ-დიზაინის შესაქმნელად გამოცხადდა.

„ადამიანი, რომელიც დღეს მერიაში მუშაობს, არის პროფესიონალი.  მას დამთავრებული აქვს  სამხატვრო აკადემია, ანუ დიპლომირებული სპეციალისტია, რომელსაც  ამ სფეროში მუშაობის  14-წლიანი სტაჟი აქვს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ. 

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები