ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ მზად არის პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდეს

ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ მზად არის პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდეს

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ მზად არის პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდეს. შოთაძის თქმით, მაჩალიკაშვილის დაჭრის საქმეზე გამოძიება გამჭირვალედ მიმდინარეობს და შედეგების შესახებ საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

„მე ზოგადად მზად ვარ, ყველასთან მქონდეს შეხვედრა. ჩვენს საგამოძიებო დანაყოფში მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიებას გამჭვირვალედ ვატარებთ. ოჯახს და ოჯახის ადვოკატს აქვს სრული წვდომა გამოძიების მასალებთან და ისინი არიან ინფორმირებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. რიგი საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარებულია, საჭიროა სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაც. ველოდებით ექსპერტიზების შედეგებს და რა თქმა უნდა, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება,“ – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მთავარ პროკურორთან შეხვედრა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, პანკისის ხეობის უხუცესებმა და სალაფიტური თემის წარმომადგენლებმა 26 იანვარს მოითხოვეს. მათი განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრიდან ერთი თვე გავიდა, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, გვიან ღამით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პანკისში ჩატარებული სეცოპერაციის დროს, სპეცრაზმმა თავის არეში დაჭრა. ის 10 იანვარს გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით იძიებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები