ირაკლი შოთაძე: ჩემს მიმართ ბევრი ცრუ ბრალდება ისმის, თუმცა ეს მოტივაციაა, რომ საქმე უფრო კარგად და ხარისხიანად ვაკეთო

ირაკლი შოთაძე: ჩემს მიმართ ბევრი ცრუ ბრალდება ისმის, თუმცა ეს მოტივაციაა, რომ საქმე უფრო კარგად და ხარისხიანად ვაკეთო

„ჩემს მიმართ გაჟღერებული ცრუ ბრალდებები, რომელიც მომდინარეობს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისგან მოტივაციაა, რათა საქმე ვაკეთო უფრო კარგად, უფრო ხარისხიანად და ვემსახურო ჩემს ქვეყანასა და ხალხს”,-ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოზე განაცხადა.

მისი თქმით, ჯანსაღი კრიტიკა გასათვალისწინებელია, თუმცა ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლოა.

„ზოგადად ჩემთვის ძალიან კარგად გასაგებია ის ხშირი კრიტიკა, რომელიც ისმის ხოლმე პროკურატურის ან მისი ხელმძღვანელის მიმართ. შეიძლება ითქვას კიდეც, რომ მიმდინარე კრიტიკა ლოგიკურია არსებული გამოწვევების, მძიმე მემკვიდრეობის, ახალგაზრდა დემოკრატიის, საზოგადოებაში არსებული სამართლებრივი ცნობიერების დონის გათვალისწინებით. არის შემთხვევები, როდესაც კრიტიკა ჯანსაღია, გასათვალისწინებელია და შესაბამისად მისასალმებელია, თუმცა ხშირად ვხედავთ სრულიად უსაფუძვლო კრიტიკას, ბრალდებებს, რომლებსაც საფუძვლად არაფერი უდევს, გარდა პოლიტიკური მიზანშეწონილობისა, რომ გააკრიტიკო, როგორც იტყვიან ისროლო ტალახი და შემდეგ ვისაც როგორც უნდა ისე უმართლებია თავი.
ამ ყველაფრის დაუსაბუთებლობის გათვალისწინებით, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ კრიტიკის უკან ცალსახად იკვეთება პოლიტიკური მოტივაცია, სურვილი იმისა, რომ გენერალური პროკურორის არჩევის ამ ახალ, მართლაც დემოკრატიულ პროცესს ჩრდილი მიადგეს და მოხდეს აღნიშნული პროცესის, მასში ჩართულ აქტორებთან ერთად მაქსიმალური დისკრედიტაცია. თუ გავიხსენებთ თუნდაც 2012 წელს პროკურატურის ხელმძღვანელის დანიშვნის წესს, ასევე 2012 წლის შემდეგ დღემდე ჩატარებულ რეფორმებს პროკურატურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაძლირების გზაზე, განსაკუთრებით გასაოცარია ჩემი საპროკურორო საბჭოს კრიტიკა, რომლის საკანონმდებლო რეგულაციების დადგენის დროს გათვალისწინებული იქნა ვენეციის კომისიის ძალიან ბევრი რეკომენდაცია. ძალიან მარტივი მაგალითი შეიძლება იქნას მოყვანილი შედარებისთვის. მაგალითისთვის, 2012 წელს მთავარი პროკურატურა იყო იუსტიციის საქვეუწყებო დაწესებულება, 2020 წელს კი გენერალური პროკურატურა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სხვა უწყებას და თანამდებობის პირი სრულად დამოუკიდებელია აღმასრულებელი ხელისუფლებისგან. შესაბამისად, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი გენერალური პროკურატურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ხარისხი, ასევე გენერალური პროკურორის არჩევის წესის დემოკრატიულობის ხარისხი, რბილად რომ ვთქვათ, არაერთგზის მაღალია ძველ მოდელზე. ამდენად, საპროკურორო საბჭოს კრიტიკა არაფერია თუ არა უსაფუძვლო პოლიტიკური სპეკულაცია“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

​შეგახსენებთ, საპროკურორო საბჭო საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს უსმენს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები