ირაკლი სესიშვილის თქმით, ის ირჩევს კარგს, ძლიერს და ქალ პრეზიდენტს.

ირაკლი სესიშვილის თქმით, ის ირჩევს კარგს, ძლიერს და ქალ პრეზიდენტს.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სოციალურ ქსელში თავისი რჩეული საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ წერს. მისი თქმით, ის ირჩევს კარგს, ძლიერს და ქალ პრეზიდენტს.

“ხვალ არჩევნებია და ალბათ ყველა ჩვენს თავში ვეძებთ პასუხს – ვის რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, მეც კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ჩემს, როგორც მოქალაქე ირაკლი სესიაშვილის აზრს. ადამიანისთვის ბუნებრივად უმარტივესია ბოროტების და სიკეთის გარჩევა ერთმანეთისგან, ამ არჩევნებშიც ძირითად ოპონენტებს შორის არჩევანის გაკეთება ჩემთვის ბუნებრივი გამოძახილია.
ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა, თავიდანვე დიდი სიმპათიებით ვიყავი განმსჭვალული მის მიმართ. როცა ის პარლამენტში აირჩიეს, ყოველთვის მომწონდა მასთან საუბარი, პირველ რიგში, როგორც ადამიანთან და მერე როგორც პოლიტიკოსთან, რომელსაც საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკაში უსაზღვრო მეხსიერება და დიპლომატიური გამოცდილება აქვს. ის იყო ერთ-ერთი ის დეპუტატი, რომელიც თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხების განხილვისას, ძალიან მაღალი კომპეტენციით გამოირჩეოდა და ყოველთვის ამბობდა იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო თავისი არსით.
მას შემდეგ, რაც ის ჩაერთო საარჩევნო კამპანიაში და მომიწია მასთან ერთად რამდენიმე შეხვედრაში მონაწილეობა, მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ გაოცებული დავრჩი, გაოცებული მისი ერუდიციით და რაც მთავარია, ყველა საკითხისადმი ორიგინალური, მაგრამ ამავდროულად, აბსოლუტურად რეალისტური მიდგომით.
მე ვირჩევ სალომეს იმიტომ, რომ ის არის განათლებული და გამოცდილი, მას აქვს რეალისტური ხედვები პრეზიდენტის კომპეტენციების გათვალისწინებით, ის არის ჩემთვის სიმბოლო 1921 წლის დამოუკიდებლობის დაკარგვიდან აღდგენის და იმ ჯაჭვის განახლების, რამაც უნდა დაგვაბრუნოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში. ქალბატონი სალომე არის ქალი, ღირსეული დედა, ფრთხილიც და თამამიც, ისეთი ქალი პოლიტიკოსი, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებში უპირატესობით უკვე სარგებლობს.
ჩვენს ოპონენტებს “კითხვები” ჰქონდათ, ქვების სროლა დაიწყეს, მერე ღვარძლის და ზიზღის გავრცელება, მერე, ამავე შხამით მოწამლულნი, კიდევ უფრო აგრესიულები გახდნენ. ის, რაც ჩვენმა ოპონენტებმა იკადრეს, არის მათი რეალური სახე, რაც არც ქართულია, არც ევროპული და არც ადამიანური. ეს ისაა, რასაც თავი დავაღწიეთ 2012 წელს.
ბევრი მეტყვის, რომ 2012 წლის შემდეგ, 6 წელი გავიდაო, შემახსენებს შეცდომებს, გადაცდომებს და მთავარს – ის, რომ სწორედ ჩვენ ვართ დღეს პასუხისმგებელნი იმაზე, რომ მოძალადეებს, სადისტებს და კაცთმოძულეებს აქვთ ილუზია, ისევ დაუბრუნდნენ თავიან “რჩეულ პროფესიას” – ძალადობას. დიახ, ეს სიმართლეა, ჩვენ შეცდომებიც მოგვსვლია და გადაცდომებიც, ამის აღიარება არ გვიჭირს და მეტიც, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დაშვებული შეცდომები არ განმეორდეს, მაგრამ არ შეიძლება იმის უთქმელობა, რომ ჩვენ მათგან ერთი მთავარი რამ განგვასხვავებს – ჩვენთვის უცხოა ძალადობა, ძალადობით დამყარებული წესრიგი და დანაშაულების ჩადენის ის პრაქტიკა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანებას წითელ ხაზად დღემდე მოჰყვება!
დიახ, ჩვენ მივეცით ამ ხალხს საშუალება, რომ აერჩიათ ცივილური პოლიტიკური გზა, რაც მათ ვერ მოახერხეს! არ აღმოჩნდნენ თავსებადი პოლიტიკურ მრწამსთან – გიყვარდეს სამშობლო და არა ძალაუფლება. დიახ, ჩვენთვის მძიმე ტვირთია, მუდმივად ებრძოლო ბოროტებას, მაგრამ ეს არის ყველა ჩვენგანის მისია. აქედან გამომდინარე, ყველაზე მთავარი არის ჩვენი ხალხი, რომელიც მე მჯერა, რომ ხვალ სწორ არჩევანს გააკეთებს.
მე ვირჩევ კარგს, მე ვირჩევ ძლიერს, მე ვირჩევ ქალ პრეზიდენტს – 48-ს.
ქალბატონო სალომე, გამარჯვებას და წარმატებას გისურვებთ!!!
48 – ეს ციფრი დღეს ნიშნავს მშვიდობას, სხვა დანარჩენი – ეს არის წარსულში დაბრუნების რისკი”, – წერს ირაკლი სესიაშვილი სოციალურ ქსელში.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები