ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციის ახალ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს

ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციის ახალ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესია მიუღებელი და დასაგმობია.

მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი უნდა იყოს მჭიდროდ შეთანხმებული დასავლელ პარტნიორებთან და საქართველოს ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს.

როგორც ქადაგიშვილი ამბობს, უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციის ახალ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ სახეზე გვაქვს რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი აგრესია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც ყოვლად მიუღებელია და იმსახურებს დაგმობას. ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის არა მარტო უკრაინას, არამედ მთელს კონტინენტს. ჩემი პოზიციაა, რომ საქართველოს მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი იყოს ძალიან მჭიდროდ შეთანხმებული ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. უნდა გამოვდიოდეთ საქართველოს ინტერესებიდან. არანაირად არ უნდა მივცეთ საბაბი, რომ რუსეთს თავისი აგრესიის საქართველოზე გავრცელების საშუალება მიეცეს. გამომდინარე აქედან, ყველა განცხადება და რეზოლუცია, რომელსაც, სხვათა შორის, ჩვენც ვამზადებთ – ეს მოვლენები უნდა იყოს აცდენილი ესკალაციის გადმოტანას საქართველოში. ერთი ძალიან საგანგაშო სიგნალი გეგმის შესაძლო განხორციელების შესახებ უკვე გაცხადებული იქნა, როდესაც ბიბილოვმა, ე.წ. თვითგამოცხადებული რეჟიმის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვიწყებთ მზადებას, რათა შესაძლო ქართული პროვოკაციებისგანაც დავიცვათ თავიო.

ახლა ჩვენ ველოდებით პრეზიდენტის განკარგულებასაც. რეზოლუციის პროექტი როდესაც საჯარო გახდება, მიიღებთ ამ ინფორმაციასაც. პროექტზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს. ეს ახალი რეზოლუციის პროექტი გაეცნობა ყველას, ჯერ ხომ ვიღაცამ „დრაფტი“ უნდა გაწეროს, რომ ყველა გაეცნოს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვას საკითხზე საუბრისას ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ რიგგარეშე სხდომა იმართება კონკრეტული საკითხის გარშემო კონკრეტული დღის წესრიგით.

მისივე თქმით, ოპოზიციის განცხადებაში, რომელთაც საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართეს, აღნიშნულია მთელი რიგი საკითხები, რომელიც არასაპარლამენტო სფეროა.

„რიგგარეშე სხდომა რა მიზნით მოიწვევა პირველ რიგში, ეს არის გასარკვევი. ჩვენ სხდომა ისედაც გვაქვს სამშაბათს. საუბარი და პოლიტიკურ ლიდერებს შორის კონსულტაცია შეიძლება ნებისმიერ ფორმატში განხორციელდეს. ერთ რამეს ვერ ვიგებ, ირაკლი ღარიბაშვილის დაბარება რა არის. უნდათ დაბარება, რადგან პოლიტიკური რევანში მოახდინონ, თორემ ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ იღებს, მსოფლიო ლიდერებმა უნდა მიიღონ. საქართველოს პოზიცია როგორიცაა, ეს უკვე გაცხადებულია. პარლამენტი არაა ის ორგანო, რომელიც პროვოკაციების თავიდან აცილებას განიხილავს, ესაა მთავრობის ვიწრო საკითხები. ვუყურებთ ოპოზიციის განცხადებებს, ნიშნის მოგებას იმასთან დაკავშირებით, რატომ არაა ჩვენი მთავრობა დროშით ხელში გამოსული. ეს არაა მთავრობის ნომერ პირველი ამოცანა, მთავრობის ამოცანაა, არ მოხდეს რუსეთის აგრესიის განხორციელება საქართველოში.

რიგგარეშე სხდომა იმართება კონკრეტული საკითხის გარშემო კონკრეტული დღის წესრიგით. ოპოზიციის განცხადებაში აღნიშნულია მთელი რიგი საკითხები, რომელიც არასაპარლამენტო სფეროა, არის კონკრეტულად მთავრობის გადასაწყვეტი. პირველ რიგში, უნდა დაველოდოთ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ აქტს. მოგეხსენებათ, ყველა საკითხი პარლამენტში რეგლამენტის მიხედვით არის მოწესრიგებული. საქართველოს პარლამენტში მთავრობის მეთაურის დაბარების სპეციალური წესი და კანონი არსებობს. ის ჩანაწერი, რაც 41 დეპუტატის მიერ არის გაკეთებული პრეზიდენტთან მიმართვის დროს, არ არის რეგლამენტთან შესაბამისობაში. პრეზიდენტის განკარგულებაში ჩანაწერი ვერ უზრუნველყოფს პირდაპირი გაგებით სამართლებრივად პრემიერის პარლამენტში მოსვლას , – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები