ირაკლი კობახიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია პროცედურებისა და კრიტერიუმების შესაბამისად ჩამოყალიბდება და პარლამენტში განახლებული სახით იქნება წარდგენილი

ირაკლი კობახიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია პროცედურებისა და კრიტერიუმების შესაბამისად ჩამოყალიბდება და პარლამენტში განახლებული სახით იქნება წარდგენილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია პროცედურებისა და კრიტერიუმების შესაბამისად ჩამოყალიბდება და პარლამენტში განახლებული სახით იქნება წარდგენილი. როგორც მან აღნიშნა, ეკა ბესელიას გადადგომასა და მოსამართლეების არჩევის პროცედურულ საკითხს შორის კავშირი ვერ იქნებოდა.

„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დააფიქსირა თავდაპირველად, საკუთარი პოზიცია, რომ შესაძლებლად მიაჩნდა ამ პროცედურის გადატანა, მიუხედავად იმისა, რომ იყო ობიექტური პრობლემა უზენაეს სასამართლოში და ასევე, გაკეთდა ჩემი მხრიდან განცხადება იმის თაობაზე, რომ წელს აღარ ვიღებდით გადაწყვეტილებას, თუ ვინ ყოფილიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. შესაბამისად, ჩემთვის ცოტა გაუგებარია, ამ შემთხვევაში, ქალბატონი ეკა ბესელიას განცხადების შინაარსი, რატომ დაუკავშირა მან თავისი გადადგომა ამ ყველაფერს”,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, საკითხის განხილვა გაიმართა როგორც საპარლამენტო, ასევე, პარტიულ ფორმატში.

„ჩვენ გვქონდა ამ საკითხის განხილვა საპარლამენტო ფორმატში. ასევე, პარტიულ ფორმატში შედგა შეხვედრები უმრავლესობის წარმომადგენლებთან. ორ ნაწილად იყო გაყოფილი ეს შეხვედრა. პარტიის თავმჯდომარე ესწრებოდა ამ შეხვედრას, სადაც იყო განხილული როგორც პროცედურა, ასევე, საუბარი იყო კანდიდატებთან დაკავშირებით. რაც შეეხება პროცედურას, იქ თავმჯდომარის პოზიცია იყო ის, რომ საჭიროა, რა თქმა უნდა, სწრაფი ცვლილებები უზენაეს სასამართლოში, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს, სასამართლოში, არის წარმოდგენილი 28-დან მხოლოდ 10 მოსამართლე. შესაბამისად, ეს, ბუნებრივია, აფერხებს საქმეთა სრულ განხილვას უზენაეს სასამართლოში. აქედან გამომდინარე, პარტიის თავმჯდომარის პოზიცია მდგომარეობდა იმაში, რომ თუ კანონი არ ირღვეოდა, ამ შემთხვევაში,  მას მიზანშეწონილად მიაჩნდა უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის შევსება. რაც შეეხება უშუალოდ კანდიდატებს, პოზიცია მდგომარეობდა იმაში, რომ თითოეული კანდიდატი ინდივიდუალურად უნდა განხილულიყო და დეპუტატებს გადაწყვეტილების მიღების დროს საკუთარი რწმენით უნდა ემოქმედათ. ეს იყო საერთო პოზიცია”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სხვადასხვა დაინტერესებული მხარისგან, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებისგან, გამოითქვა სურვილი, რომ პროცედურა და კრიტერიუმები წინასწარ გაწერილიყო და საკითხის განხილვა ამის შემდეგ დაწყებულიყო.

მისივე განმარტებით, გუშინ გაკეთებული განცხადების შინაარსი გულისხმობდა არა მხოლოდ იმას, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების საკითხს პარლამენტი მოგვიანებით მიუბრუნდება, არამედ იმასაც, რომ გაიწერება პროცედურები და კრიტერიუმები, რის შესაბამისადაც, ჩამოყალიბდება განახლებული სია და საქართველოს პარლამენტი სწორედ ამ განახლებულ სიას განიხილავს.

“ჩვენ გუშინ არამარტო ის ვთქვით, რომ წელს არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩვენ ვთქვით, რომ იყო სურვილი გამოთქმული სხვადასხვა მხრიდან, მათ შორის, იყვნენ საერთაშორისო პარტნიორები, სხვა დაინტერესებული მხარეები.  მათ თქვეს, რომ უმჯობესი იყო, ჯერ წინასწარ გაწერილიყო პროცედურა და კრიტერიუმები და ამის შემდეგ დაწყებულიყო უკვე საკითხის განხილვა და ჩვენ ზუსტად ამას დავუკავშირეთ ჩვენი გუშინდელი განცხადება. ეს ზუსტად ამას ნიშნავს. არა მარტო ის არის ჩვენი განცხადების შინაარსი, რომ მოგვიანებით მივუბრუნდებით ამ საკითხს, ჯერ გაიწერება პროცედურა-კრიტერიუმები. ეს თავის თავში გულისხმობს იმას, რომ ამ პროცედურისა და კრიტერიუმების შესაბამისად ჩამოყალიბდება განახლებული სია და ზუსტად ამ განახლებულ სიას განიხილავს საქართველოს პარლამენტი. ამიტომ ეს გადაწყვეტილება, როგორც პროცედურასთან დაკავშირებით, ასევე, შინაარსთან დაკავშირებით, განცხადება უკვე გვქონდა ჩვენ გაკეთებული მანამდე, აქედან გამომდინარე, ვერანაირი კავშირი ვერ იქნებოდა, ბუნებრივია, გადადგომასა და პროცედურას შორის”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები