ირაკლი კობახიძე: შევთავაზეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მონაწილეობა მიეღოთ მუშაობაში, თუმცა მათ ბოიკოტი გამოუცხადეს ამ შეხვედრას

ირაკლი კობახიძე: შევთავაზეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მონაწილეობა მიეღოთ მუშაობაში, თუმცა მათ ბოიკოტი გამოუცხადეს ამ შეხვედრას

“ჩვენ შევთავაზეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მონაწილეობა მიეღოთ მუშაობაში, თუმცა მათ ბოიკოტი გამოუცხადეს ამ შეხვედრას, არ მიიღეს მონაწილეობა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძე საბჭოს არამოსამართლე წევრებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ სამუშაო ჯგუფის დატოვებას გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამუშაო პროცესი არის ღია და მასში მონაწილეობა ყველას შეუძლია.
„ რაც შეეხება ორ არამოსამართლე წევრს, საბჭოს არამოსამართლე წევრებს და ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ ისურვეს შემადგენლობის შეცვლა. ჩვენ ამასთან დაკავშირებით დავაფიქსირეთ ღია პოზიცია. ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, კონსულტაციებისთვის. დავაზუსტებ: ჩვენ შევთავაზეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მონაწილეობა მიეღოთ მუშაობაში, თუმცა მათ ბოიკოტი გამოუცხადეს ამ შეხვედრას, არ მიიღეს მონაწილეობა. ჩვენ ვართ დღესაც გახსნილი დისკუსიისთვის. თუ ვინმეს სურს, დამატებით, წვლილი შეიტანოს სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, ჩვენ ამისათვის მზად ვართ და ამასთან დაკავშირებითაც გვექნება განხილვა იქამდე, ვიდრე შედგება სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა. აქედან გამომდინარე, არის აბსოლუტურად გახსნილი პროცესი. ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება და ასეთი გახსნილი პროცესის საფუძველზე შემუშავდება საბოლოოდ, კანონპროექტი”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და პარლამენტის თავმჯდომარე მოკლებულია უფლებას, შეუერთდეს არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკურ მოთხოვნას, თანამდებობა დატოვოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11-მა წევრმა.
„ სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი. შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე მოკლებულია ყოველგვარ უფლებას, რომ შეუერთდეს პოლიტიკურ მოთხოვნას, რომც იზიარებდეს. თეორიულად. არ გვაქვს არანაირი უფლება და შესაძლებლობა, რომ შევუერთდე ასეთ პოლიტიკურ მოთხოვნას, რომელიც არის წარმოდგენილი ორგანიზაციების მხრიდან”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ სასამართლო არის დამოუკიდებელი. ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ სასამართლოს დამოუკიდებლობას და ვმუშაობთ ამ პრინციპის შესაბამისად”.
ირაკლი კობახიძის თქმით, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებები სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრის შემდეგ გამოცხადდება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები