ირაკლი კობახიძე საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

ირაკლი კობახიძე საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) თავმჯდომარე, აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშ-შეიხი მიიღო, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობებისა და უმაღლესი რანგის გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საუდის არაბეთის სამეფო ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მეგობარი ქვეყანაა.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების აქტიური თანამშრომლობა. ასევე, იმსჯელეს საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებსა და პერსპექტივებზე.
ყურადღება ქვეყნებს შორის ეკონომიკის სფეროში ურთიერთობის გაღრმავებაზე გამახვილდა. საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო, თავისი შესაძლებლობებით, საინტერესო ქვეყანაა ინვესტორებისთვის. მხარეების თქმით, მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებისთვის. შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევებიც განიხილეს. მაჯლის ალ-შურას თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა დაუდასტურა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ და საუდის აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშ-შეიხმა პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას თავმჯდომარის ვიზიტი ქვეყნებს შორის მტკიცე მეგობრობისა და თანამშრომლობის მიმართულებით კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. მისივე თქმით, ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებაში საკვანძო როლი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს ენიჭებათ. „საქართველოსა და საუდის არაბეთს სტრატეგიული გამოწვევებით აღსავსე რეგიონებში უწევთ არსებობა და ჩვენი ქვეყნებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების შენარჩუნება და განმტკიცება. საქართველოსთვის პრიორიტეტულია საუდის არაბეთთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მიმართ მეგობრულად განწყობილი, სტრატეგიულად ესოდენ მნიშვნელოვან სახელმწიფოსთან ურთიერთობების გაფართოება და ახალ დონეზე გადაყვანა. თანამშრომლობის გაღრმავებისთვის არსებობს ბევრად მეტი პოტენციალი, რომელიც მომავალში შეიძლება გამოვიყენოთ და იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. მისი უმაღლესობის ვიზიტი საქართველოში წარმოადგენს კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს ჩვენს ქვეყნებს შორის მტკიცე მეგობრობისა და თანამშრომლობის მიმართულებით. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საპარლამენტო ურთიერთობების როლი ჩვენს თანამშრომლობაში. საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს ამ პროცესში საკვანძო როლი აქვთ. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ქვეყნების პარლამენტების მეგობრობის ჯგუფების საქმიანობა კარგი დასაწყისია მომავალში უფრო მჭიდრო მეგობრობისთვის”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აბდულა ბინ მუჰამედ ალ აშ-შეიხის განცხადებით, საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტი ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
„ვისაუბრეთ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობაზე და იმაზე, თუ როგორ განვითარდეს ქვეყნებს შორის ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში. საპარლამენტო დონეზე შეგვიძლია ბევრი რამ გავაკეთოთ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გააქტიურდეს. ურთიერთობების გაღრმავებისთვის, უნდა ვიცოდეთ რა სჭირდება საქართველოს ჩვენგან და ამ ვიზიტის ფარგლებში, ქართველი კოლეგებისგან ამის შესახებ შევიტყობთ. ჩვენ უკვე მაღალ დონეზე განვავითარებთ ეკონომიკურ ურთიერთობებს. პირველ რიგში, ეს იქნება ტურისტული სფეროს განვითარება”,-განაცხადა საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები