ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის განცხადებაზე: გიორგი მარგველაშვილი მუდმივად სპეკულირებს ასეთი თემებით

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის განცხადებაზე: გიორგი მარგველაშვილი მუდმივად სპეკულირებს ასეთი თემებით

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის განცხადებას, სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დღეს მოქმედი კონსტიტუციითაც სპეცოპერაციებთან, რომელიც ტერორიზმთან თუ სხვა შემთხვევებთანაა დაკავშირებული, უშიშროების საბჭოს არანაირი კავშირში არ აქვს.

მისივე შეფასებით, ჩატარებული სპეცოპერაციის თემას გიორგი მარგველაშვილი სპეკულაციისთვის იყენებს.

“მოქმედ კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ უშიშროების საბჭოს ფუნქცია არის თავდაცვისუნარიანობაზე ზრუნვა და ამ სფეროს მოწესრიგება. რა შუაშია სპეცოპერაციებთან უშიშროების საბჭო?! არ შეიძლება ყველა თემით სპეკულირება, მით უმეტეს, ისეთი თანამდებობის პირის მხრიდან, როგორიცაა საქართველოს პრეზიდენტი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე იმასაც ამბობს, რომ უშიშროების საბჭოს არასდროს ჰქონია კავშირი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებთან.

“უშიშროების საბჭო ყოველთვის პასუხისმგებელი იყო თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე. კონსტიტუციაში ყოველთვის ეს ეწერა. იყო დრო, როცა უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებები დე-ფაქტო შეიცვალა კონსტიტუციის წინააღმდეგ. ეს იყო რამდენიმეწლიანი პერიოდი. ამის გვერდზე გადადების შემთხვევაშიც, ერთი წელია უშიშროების საბჭო მუშაობს და რა ისეთი საკითხი განიხილა უშიშროების საბჭომ, რომლითაც ასეთი საფრთხეების პრევენცია შეიძლებოდა? უშიშროების საბჭოს არა აქვს არანაირი კომპეტენცია, რომ ასეთი საკითხებით დაკავდეს და ვერც ექნება, რადგან ჩვენ საპარლამენტო სისტემაში ვმუშაობთ. საპარლამენტო სისტემაში უშიშროების საბჭო ვერ იქნება დაკავებული ისეთი საკითხებით, როგორიც არის ასეთი რისკების პრევენცია. ეს პრეზიდენტს უნდა ესმოდეს. შეიძლება ესმის კიდეც, უბრალოდ, მუდმივად სპეკულირებს ასეთი თემებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსნებთ, რომ პრეზიდენტის განცხადებით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციით, ნათელი პასუხი გაეცა მიამიტურ განწყობებს, რომ საქართველო არსებობს იმ რეალობაში, როდესაც არ არსებობს გლობალური რისკის მატარებელი საშიშროებები.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები