ირაკლი კობახიძე- „ნაციონალური მოძრაობა“ ქართული დემოკრატიისთვის რისკ-ფაქტორი აღარ არის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ ქართული დემოკრატიისთვის რისკ-ფაქტორი აღარ არის. ამის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა. მისი თქმით, დღეს ყოფილი მმართველი პარტია პარლამენტში 6 დეპუტატითაა წარმოდგენილი და ამ რესურსის ფარგლებში, პარტიას საპარლამენტო ცხოვრებაში სრული შესაძლებლობა აქვს.

„2016 წლამდე, ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობა“ რჩებოდა რისკ-ფაქტორად ქართული დემოკრატიისთვის. ეს იყო მოცემულობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. ჩვენ მივეცით ძალიან კონკრეტული ამოცანა ჩვენს ამომრჩეველს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იქნებოდა რისკ-ფაქტორი ქართული დემოკრატიისთვის და ჩვენ ეს დაპირება პირნათლად შევასრულეთ. ეს არის დღევანდელი მოცემულობა და ამ მოცემულობას ვეღარავინ ვეღარ შეცვლის. დღეს, „ნაციონალური მოძრაობა“ არის უკვე მცირე პარტია, რომელიც წარმოდგენილია 6 დეპუტატით საქართველოს პარლამენტში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, ეს არის მიღწევა, რომელიც არის „ქართული ოცნების“ დამსახურება, ეს არის დაპირება, რომელიც ჩვენ პირნათლად შევასრულეთ. ამ ვითარებაში, ჩვენ გვაქვს ამოცანა, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში ჩავრთოთ თითოეული სუბიექტი, თითოეულ სუბიექტთან გვქონდეს სათანადო კომუნიკაცია, სათანადო თანამშრომლობა და სწორედ ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ საპარლამენტო ცხოვრება წარიმართება ნორმალურ რეჟიმში, სწორ და კონსტრუქციულ რეჟიმში და ასეთი მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ.

მცირე როლი აქვს დღეს პარლამენტში „ნაციონალურ მოძრაობას“ მიკუთვნებული, ის არის წარმოდგენილი 6 დეპუტატით. ამ რესურსის ფარლებში, „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება სრული შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო ცხოვრებაში, რაც არის ჩვენი ამოცანა, რაც არის პარლამენტის თავმჯდომარის კონსტიტუციური ფუნქცია, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას მიცეს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები