ირაკლი კობახიძე მოლდოვაში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

ირაკლი კობახიძე მოლდოვაში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, 2 მარტს,  მოლდოვაში, საერთაშორისო კონფერენციაში – „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები” მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საერთაშორისო კონფერენციას მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებთან – ანდრიან კანდუსთან და ანდრიი პარუბისთან, ასევე, ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ პრეზიდენტ დეიმონ ვილსონთან ერთად, მისასალმებელი სიტყვით გახსნის.

კონფერენციის მონაწილეები დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ენერგოუსაფრთხოებაზე, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის ეკონომიკური და სასამართლო რეფორმების განხორციელების მნიშვნელობასა და  ამ მიმართულებით, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე, ასევე, უსაფრთხოების მხრივ არსებულ საერთო გამოწვევებზე იმსჯელებენ.

დაგეგმილია საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პარლამენტების თავმჯდომარეების ერთობლივი განცხადება პრესისთვის. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება დელეგაციების ხელმძღვანელთა გაერთიანებული შეხვედრაც.

კონფერენციას  უკვე გამოეხმაურა  საერთაშორისო მედია, მათ შორის, Associated Press, The Washington Post” და New York Times.

ღონისძიებაში მონაწილეობას ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე ინარა მურნიეცე, შვედეთის სამეფოს პარლამენტის (რიკსდაგი) თავმჯდომარე ურბან ალინი, ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის (სტორტინგი) თავმჯდომარე ოლემიკ ტომესენი, ლიტვის სეიმის თავმჯდომარე ვიქტორას პრანცკიეტისი, ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ენ ეესმა, პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალის მოადგილე მარია კოჩი, ასევე, ატლანტიკური საბჭოს წამყვანი ექსპერტები და საერთაშორისო აკადემიური წრეების წარმომადგენლები მიიღებენ.

ვიზიტის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ანდრიან კანდუსთან  და ქვეყნის პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპთან გამართავს. ღონისძიების ფარგლებში, ირაკლი კობახიძე, კოლეგებთან ერთად, მოლდოვას დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები