ირაკლი კობახიძე: მოხარული ვარ, რომ ჭიათურელი მაღაროელების მოთხოვნები დაკმაყოფილდა

ირაკლი კობახიძე: მოხარული ვარ, რომ ჭიათურელი მაღაროელების მოთხოვნები დაკმაყოფილდა

„მოხარული ვარ, რომ, ამ შემთხვევაში, წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები და ჭიათურელი მაღაროელების სამართლიანი მოთხოვნები დაკმაყოფილდა, რაც ძალიან კარგი პრეცედენტია“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ჭიათურის შემთხვევამ აჩვენა, რომ შრომითი საკითხების სერიოზული გაუმჯობესების შესაძლებლობა არსებობს.
„მოხარული ვარ, რომ, ამ შემთხვევაში, წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები და მაღაროელების სამართლიანი მოთხოვნები დაკმაყოფილდა, რაც ძალიან კარგი პრეცედენტია.
ეს აჩვენებს იმას, რომ, ზოგადად, ჩვენ დადებითი ტენდენცია გვაქვს იმ კუთხით, რომ უფრო მეტად ხდება მშრომელების ინტერესებისა და მათი სამართლიანი მოთხოვნების გათვალისწინება. არის საუბარი არაერთ ცვლილებაზე, რომელიც შესაძლოა, შრომის კოდექსში განხორციელდეს, მათ შორის – ანაზღაურების, შვებულებების კუთხით და ა.შ. საზედამხედველო ფუნქციის განვითარება არის, ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ამ კუთხით ჩვენ საერთაშორისო დონორების თანადგომასა და მხარდაჭერას ველოდებით“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა.
ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა თერთმეტი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გაფიცულთა ნაწილი შიმშილობდა. მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას ითხოვდნენ.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გუშინ ჭიათურაში ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები: ნათია თურნავა, დავით სერგეენკო და მიხეილ ბატიაშვილი ჩავიდნენ. მაღაროელებთან შეხვედრა სწორედ მათი მონაწილეობით გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ, აგრეთვე, ჭიათურის ახლადარჩეული მერი – გივი მოდებაძე და „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი – ნიკოლოზ ჩიქოვანი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები