ირაკლი კობახიძე: “დაიცავი საქართველო” 3%-იან ბარიერს ვერ გადალახავს

ირაკლი კობახიძე: “დაიცავი საქართველო” 3%-იან ბარიერს ვერ გადალახავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ მოძრაობა “დაიცავი საქართველო” 3%- იან ბარიერს ვერ გადალახავს.
მისივე თქმით, ოპოზიციური სპექტრი თუ გაჯანსაღდება, ეს, მხოლოდდამხოლოდ, წაადგება ქართული დემოკრატიის განვითარებას.
“3 %-იანი ბარიერის პირობებში არის მაღალი ცდუნება, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ჩამოაყალიბონ პარტიები; უფრო მარტივია 3%-იანი ბარიერის გადალახვა, ვიდრე – 5%-იანის. აქედან გამომდინარე არის ეს ინტერესი. თუ გაჯანსაღდება ოპოზიციური სპექტრი, ეს, მხოლოდდამხოლოდ, წაადგება ქართული დემოკრატიის განვითარებას. თუმცა, ასეთი სახეებით, ბუნებრივია, ვერცერთი პარტია შეიტანს წვლილს დემოკრატიული სისტემის განვითარებაში.
ზოგადად, საერთო სურათს თუ ვნახავდით – ლიდერებს, რომლებიც იყვნენ დარბაზში წარმოდგენილი – ცალსახაა, რომ ამ გაერთიანებას ძალიან გაუჭირდება 3%-იანი ბარიერის გადალახვაც კი. როდესაც მინუსით იწყებ, ამ სახეებით, ბუნებრივია, 3%-მდე ასვლა არის ძალიან რთული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, თითოეული ადამიანის ინტერესში უნდა შედიოდეს, რომ გაჩნდეს ჯანსაღი ოპოზიციური პარტია, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას” აჯობებს.
„მე არ მინდა, სიღრმეში შევიდე, რა თქმა უნდა, ძალიან ხშირად ჭარბობს ხოლმე სუბიექტური ინტერესები, როდესაც ასეთ პროცესებს ვაკვირდებით, ამის ნაკლებობა იქ არ არის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ჩვენს ინტერესებშია, რომ ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები ჩამოყალიბდეს, გაჩნდეს ახალი პარტიები. დღეს ოპოზიციაში არის შექმნილი არაჯანსაღი ვითარება. თითქმის, მონოპოლიზებული აქვს ოპოზიციური ნიშა „ნაციონალურ მოძრაობას“ – იმ პარტიას, რომელსაც აქვს უმძიმესი წარსული. აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენგანის ინტერესებში უნდა იყოს ჯანსაღი ოპოზიციური პარტიების გაჩენა, რომელიც ამ ნიშას წაართმევს ასეთ პოლიტიკურ ძალას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მივესალმებით ნებისმიერი ჯანსაღი ოპოზიციური პარტიის გაჩენას, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ასეთი პარტიები, სამწუხაროდ, წინ ვერ წავლენ“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები