ირაკლი კობახიძე-“2012 წლის შემდეგ, სასამართლო რეფორმების კუთხით, მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს, რაც უფრო უნდა დავხვეწოთ”

ირაკლი კობახიძე-“2012 წლის შემდეგ, სასამართლო რეფორმების კუთხით, მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს, რაც უფრო უნდა დავხვეწოთ”

„ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური წინსვლა 2012 წლის შემდეგ სასამართლო რეფორმის მიმართულებით, თუმცა რჩება გარკვეული გამოწვევები, სირთულეები, პრობლემები.  ჩვენი ამოცანაა, რომ ყველამ ერთად ვიმსჯელოთ, ერთად გავაანალიზოთ არსებული მდგომარეობა, გამოვკვეთოთ სირთულეები, რომელიც გვაქვს სასამართლო სისტემაში, ერთად განვიხილოთ დამატებით, თუ რა არის გასაუმჯობესებელი და ამის საფუძველზე შევიმუშაოთ კონკრეტული წინადადებები სასამართლო რეფორმის შემდგომი ეტაპების განხორციელებისათვის”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  სასამართლო რეფორმის მთავარი მიმართულებების სამუშაო ჯგუფის მეხუთე შეხვედრაზე.

პარლამენტის თავმჯდომარე ღონისძიების ორგანიზატორებს და მონაწილეებს მიესალმა და ჩართულობისთვის და მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. მან განსაკუთრებით აღნიშნა სასამართლო რეფორმის განხორციელებაში საერთაშორისო პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლი  სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და  მისი ეფექტიანობის გაუმჯობესების მიმართულებით.

„მინდა მადლობა გადავუხადო ევროსაბჭოს დღევანდელი ღონისძიების ორგანიზებისათვის. მადლობა მინდა გადავუხადო პირადად, ბატონ კრისტიან ურსეს და მივესალმო მას. ასევე მინდა მივესალმო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს, ჩემს კოლეგებს და სასამართლო კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც წლებია გვეხმარებიან და მინდა მივესალმო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. თითოეული თქვენგანის როლი არის უმნიშვნელოვანესი იმ საქმეში, რასაც  სასამართლოს როგორც დამოუკიდებლობის განმტკიცება, ისე ეფექტიანობის გაუმჯობესება ჰქვია”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ დღევანდელი შეხვედრის მთავარ მიზანზე საუბრისას აღნიშნა, რომ იმ მნიშვნელოვანი წინსვლის მიუხედავად, რომელიც სასამართლო რეფორმის მიმართულებით 2012 წლის შემდეგ არსებობს, რჩება გარკვეული გამოწვევები და მსგავსი შეხვედრები არის კარგი საშუალება, იმისთვის, რომ გაანალიზდეს არსებული მდგომარეობა და შემუშავდეს კონკრეტული წინადადებები სასამართლო რეფორმის შემდეგი ეტაპის განხორციელებისათვის.

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს უკვე გამართული შეხვედრების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ნინო გვენეტაძემ მიმოიხილა ყველა ის აქტივობა, რაც მსგავს ფორმატში განხორციელებულა და ისაუბრა იმ მოვლენების მნიშვნელობაზე, რაც სასამართლოს ირგვლივ ვითარდება და სწრაფ რეაგირებას მოითხოვს როგორც სასამართლო ხელისუფლების, ისე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. „მოგეხსენებათ, რომ საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ვალდებულების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2017-2021 წლების სასამართლო სტრატეგია და ორწლიანი სამოქმედო გეგმა იქნა დამტკიცებული. სტრატეგიის შემუშავების პროცესში მიმდინარეობდა აქტიური კონსულტაციები სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, მჭიდრო კომუნიკაცი იყო საქართველოს პარლამენტთან და იუსტიციის სამინისტროსთან ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან”,- განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

მან საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს შეხვედრების ორგანიზებისთვის და სასამართლო რეფორმის ირგვლივ მიმდინარე პროცესების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე. მან მსგავსი პლატფორმების ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„აღნიშნული პლატფორმა წარმოადგენს არა მხოლოდ კარგ ფორმატს იმისათვის, რომ ქვეყნის სტრუქტურებმა ერთმანეთთან ითანამშრომლონ და ყველამ მიიღოს მონაწილეობა, ეს პლატფორმა წარმოადგენს ძალიან კარგ საშუალებას, რომ მოხდეს კარგი პარტნიორობა და თანამშრომლობა დონორ ორგანიზაციებს შორის. ევროსაბჭო თავიდანვე მხარს უჭერს და ხელს უწყობს ამ პროცესის განვითარებას”,- განაცხადა კრისტიან ურსემ.

სამუშაო შეხვედრა დისკუსიის და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრას საკანონმდებლო ორგანოს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სასამართლოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები