ირაკლი ღარიბაშვილმა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა

ირაკლი ღარიბაშვილმა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული აუდიოჩანაწერები „ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი პროვოკაციაა“.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „აღნიშნულ პროვოკაციას უნდა გაემიჯნოს როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია“.

„ჩვენ კარგად გვესმის, თუ რას ემსახურებოდა აღნიშნული პროვოკაცია. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, თუ საიდან და ვისგან მომდინარეობს აღნიშნული პროვოკაცია და ეს რა თქმა უნდა, არის მიხეილ სააკაშვილის მცდელობა. მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა გამოიკვეთა რეალური კონტურები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის. სწორედ მაშინ იქნა გამოყენებული ეს უბინძურესი პროვოკაცია და სიყალბე, ფაბრიკაცია. რა თქმა უნდა, ეს არის ყოვლად დაუშვებელი, მიუღებელი. ეს დასაგმობია ჩვენი მხრიდან, როგორც ხელისუფლების ასევე ოპოზიციის მხრიდან. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ჯანსაღი და კონსტრუქციული ნაწილი გაემიჯნება აღნიშნულ პროვოკაციას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.

აღნიშნულთან დაკავშრებით პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერისა და მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე დაიწყო.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები