ირაკლი ღარიბაშვილი – უახლოეს დღეებში ოფიციალურად შევთავაზებთ ცესკო-ს თანამშრომლებს ვაქცინაციას

ირაკლი ღარიბაშვილი – უახლოეს დღეებში ოფიციალურად შევთავაზებთ ცესკო-ს თანამშრომლებს ვაქცინაციას

უახლოეს დღეებში ოფიციალურად შევთავაზებთ ცესკო-ს თანამშრომლებს ვაქცინაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლების ამოცანაა გამჭვირვალე, თავისუფალი და კოვიდ უსაფრთხო არჩევნების ჩატარება.

„ვუახლოვდებით არჩევნებს, შევდივართ აქტიურ ფაზაში. გუშინ მე გავაჟღერე ინიციატივა, რომელიც ეხება ცესკო-ს თანამშრომლების ვაქცინაციას. ჩვენ ამის შეთავაზებას გავაკეთებთ ოფიციალურად, უახლოეს დღეებში ექნებათ მინისტრს და ჩვენს კოლეგებს შეხვედრა ცესკო-ს ხელმძღვანელობასთან. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კოვიდ უსაფრთხო არჩევნების ჩატარება. ჩვენ შეგვიძლია განსაკუთრებული, მაღალი სტანდარტი ვაჩვენოთ. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ჩავატაროთ თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები. მეორე მხრივ, ეს უნდა იყოს კოვიდ უსაფრთხო არჩევნები, რაც გულისხმობს იმას, რომ ცესკო-ს კომისიის ყველა წევრი შეიძლება, იყოს ვაქცინირებული, აცრილი, ჩვენი კანდიდატებიდან. სხვა პარტიების კანდიდატებს მინდა, მოვუწოდო, რომ ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რათა უსაფრთხოდ ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა მერობის კანდიდატებსა და ამომრჩევლებს რეკომენდაციით მიმართა, რომ საარჩევნო შეხვედრებზე ყველამ ატაროს პირბადე.

„და კიდევ ერთი, ვინაიდან ახლა იწყება შეხვედრები მოსახლეობასთან, მე მინდა, ერთის მხრივ, ჩვენს კანდიდატებს მივმართო თხოვნით, რეკომენდაციით, რომ ყველამ ვატაროთ პირბადე, მაშინ, როცა შეხვედრები ექნებათ მოსახლეობასთან. მეორეს მხრივ, ჩვენს ამომრჩეველს მინდა ვთხოვო, რომ აღნიშნულ შეხვედრებზე მათაც ატარონ ანალოგიურად პირბადე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები