ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრე

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრე

სომხეთის სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ერევანში ოფიციალური ვიზიტისას, მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრე და ეს კურსი მომავალშიც გაგრძელდება.

ჩემთვის სასიხარულოა მორიგი სტუმრობა სომხეთის რესპუბლიკაში. ჩვენს ქვეყნებს აკავშირებთ მრავალსაუკუნოვანი ისტორიულ-მეგობრული ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლო თანამშრომლობაც სწორედ ამ სულისკვეთებით გაგრძელდება.

საქართველო და სომხეთი გამორჩეულია დიდი ისტორიით, თვითმყოფადი კულტურით და საინტერესო ტრადიციებით. სწორედ ამ ფასეულობებზე უნდა აშენდეს ჩვენი ქვეყნების მომავალიც, რომელსაც ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, დემოკრატია, ღია და გამჭირვალე მმართველობა, ეკონომიკური პროგრესი და ინოვაციები განამტკიცებს. ვთანხმდებით, რომ ეს ყველაფერი მიიღწევა მხოლოდ მშვიდობის და რეგიონული სტაბილურობის პირობებში.

ერთის მხრივ, კოვიდ-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ და მეორეს მხრივ, ომმა ყარაბაღში, მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე დააყენა მთელი რეგიონი. ვფიქრობთ, რომ მშვიდობას, მოლაპარაკებებს, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრე და ეს კურსი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ვართ მზად, რომ ხელი შევუწყოთ რეგიონული დიალოგის წარმართვას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, კულტურა, სხვა ჰუმანიტარული საკითხები. სწორედ სტაბილურობის, მშვიდობის, დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცების მიზნით აირჩია ქართველმა ხალხმა ევროპული და ევროატლანტიკური გზა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება.

„ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება. ხაზი გავუსვით ჩვენს მისწრაფებას, გვქონდეს ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი. შევეხეთ არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს, ახალ პროექტებს. ასევე, ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, კულტურა, განათლება, ინოვაციები და უკვე არსებული ინტენსიური ურთიერთობების მიუხედავად, ჯერ კიდევ არის დიდი პოტენციალი არაერთი მიმართულებით.

სომხეთის სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩვენები ღიად და გამჭირვალედ ჩატარდება და სომეხი ხალხი კიდევ ერთხელ აჩვენებს მსოფლიოს დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულებას.

ჩვენ ასევე გამოვხატეთ მზადყოფნა რეგულარული შეხვედრების გაგრძელებაზე, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკის შენარჩუნებაზე და ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხადოთ მასპინძლობისათვის და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები