ირაკლი ღარიბაშვილი: რურუა ცნობილი განგსტერია, უგულავა კი კლასიკური ქურდის ეტალონი, ყველაზე გარყვნილი პოლიტიკოსი ჩვენს რეალობაში

რომელია იმ სამში პოლიტპატიმარი? ოქრუაშვილი, რომლის დამადასტურებელი ვიდეო არსებობს, როგორ ამზადებდა რუსეთის „გრუს“ ბაზაზე სპეციალურ ჯგუფს, რომ შემოსულიყო საქართველოში? რურუა, რომელიც ცნობილი განგსტერია და ეს ყველამ იცის? თუ უგულავა, რომელიც არის ჩვეულებრივი, კლასიკური ქურდის ეტალონი? – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„რა თქმა უნდა, სასურველი და სასიამოვნო არ არის, როდესაც ჩვენი მეგობრების მხრიდან უსაფუძვლო კრიტიკა ისმის. ჩვენს სახელმწიფოს აქვს უმაღლესი დონის ურთიერთობა აშშ-სთან. ის, რომ რამდენიმე კონგრესმენსა თუ სენატორს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე კითხვა, ეს არის სრულიად ნორმალური. ეს დემოკრატიის მაჩვენებელია და ნორმალური პროცესია. ვფიქრობ, საჭიროა მეტი კომუნიკაცია ჩვენი მხრიდან, უნდა გადაიხედოს კომუნიკაციის ის ხარისხი, რაც ჩვენს გუნდს აქვს. ასევე, მინდა გკითხოთ, რომელია იმ სამში პოლიტპატიმარი? ოქრუაშვილი, რომლის დამადასტურებელი ვიდეო არსებობს, როგორ ამზადებდა რუსეთის „გრუს“ ბაზაზე სპეციალურ ჯგუფს, რომ შემოსულიყო საქართველოში? რურუა, რომელიც ცნობილი განგსტერია და ეს ყველამ იცის? რა, პოლიციამ ტყუილად დააკავა რურუა? უგულავა, რომელიც არის ჩვეულებრივი, კლასიკური ქურდის ეტალონი? არ მინდა ვიხმარო ეს სიტყვა, მაგრამ თავად არ იშურებენ შეურაცხყოფას – ისაა ყველაზე გარყვნილი პოლიტიკოსი ჩვენს რეალობაში. ყველაზე კორუმპირებული, მთავარი ქურდი. 50 მილიონი ლარის ქურდი რატომ არის პოლიტპატიმარი, საზოგადოებას ვეკითხები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.