ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს

ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს
0SHARES

გაერო-ში დღეს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გენერალური დებატები იხსნება. მაღალი დონის კვირეულის გახსნას დაესწრება საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც უკვე ნიუ იორკში იმყოფება.

გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით გაერო-ს გენერალური მდივანი, გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი და სხვა ლიდერები მიმართავენ.

საქართველოს მთავრობის მეთაურის გამოსვლა გენერალური ასამბლეის სესიაზე 24 სექტემბერს არის ჩანიშნული.

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი არაერთ ორმხრივ შეხვედრას გამართავს სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან, ასევე, მონაწილეობას მიიღებს პარალელურ ღონისძიებებში, რომლებიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში იმართება.

„წლევანდელი სესია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ გასულ წელს გენერალური ასამბლეის სესია ფაქტობრივად ონლაინფორმატში, სახელმწიფოსა და მთავრობების მეთაურების ვიდეომიმართვებით ჩატარდა. წელს კი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს მიეცათ სესიაში უშუალოდ მონაწილეობის შესაძლებლობა. სწორედ ეს არის სესიის მთავარი არსი და მისი შემდგომი მიმდინარეობაც მიეძღვნება იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს ხელახალი დაწყება ყველაფრისა, რაც გაჩერებული იყო პანდემიის გამო და უკეთესად იმის აშენება, რასაც აქამდე მდგრადი განვითარების მიზნები და 2030-ის ამოცანები ითვალისწინებდა. საქართველოს დელეგაციას საკმაოდ დატვირთული პროგრამა აქვს. ბუნებრივია, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძირითადი გამოსვლა. მანამდე პრემიერი მონაწილეობს რამდენიმე მრავალმხრივ შეხვედრაში, სადაც იგი სპეციალურად არის მიწვეული, ასევე, ექნება ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა კოლეგასა და სახელმწიფოების მეთაურებთან“, – განაცხადა გაერო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი არიან.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები