ირაკლი ჩიქოვანი: პარტნიორებთან ერთად ვმუშაობდით, რომ შეგვექმნა სოციალური და ეკონომიკური დახმარების ისეთი პაკეტი, რომელიც ადეკვატური იქნებოდა ჩვენი სახელმწიფოს მოთხოვნებისთვის

ირაკლი ჩიქოვანი: პარტნიორებთან ერთად ვმუშაობდით, რომ შეგვექმნა სოციალური და ეკონომიკური დახმარების ისეთი პაკეტი, რომელიც ადეკვატური იქნებოდა ჩვენი სახელმწიფოს მოთხოვნებისთვის

მინდა ყველამ კარგად გაიგოს, რომ ის დახმარება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, ევროკავშირისგან, აზიის განვითარების ბანკიდან და ბევრი სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან ან ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოებისგან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მზად ვიყავით, ყველა აქამდე განხორციელებული რეფორმით, რომ ამ სახელმწიფოში შემოსული ფინანსური რესურსი იქნებოდა მიზნის მისაღწევად დახარჯული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოში პროგრამების მართვის ძალიან ეფექტიანი სისტემა არსებობს და ამ სახელმწიფოში მოქმედებს ქმედითი სახელმწიფო აპარატი.

„ამ სახელმწიფოში არის ნათელი ხედვა იმისა თუ რა გჭირდება. დღეს ზოგიერთები, რომ სპეკულირებენ და გვეუბნებიან, რომ ბიუჯეტი არ გაქვთ წარმოდგენილიო, ეს არის სრული აბსურდი, ზუსტად ამ პერიოდის განმავლობაში ვიდრე ჩვენ COVID 19-თან დაკავშირებით ვიღებდით გარკვეულ გადაწყვეტილებებს, დგებოდა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრები, პარალელურ რეჟიმში მიდიოდა პარტნიორებთან ერთად მუშაობა, რომ რეალურად შეგვექმნა სოციალური და ეკონომიკური დახმარების ისეთი პაკეტი, რომელიც იქნებოდა ადეკვატური ჩვენი სახელმწიფოს მოთხოვნებისთვის და იმ გამოწვევებისა, რაც მოიტანა COVID 19-მა“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ბიზნესისთვის გადასახადების გადავადებით სახელმწიფო ცდილობს, რომ ლიკვიდურობა შეუნარჩუნოს სექტორს.

„დაზარალებულმა ბიზნესმა, როგორიც არის ტურიზმი და მასთან დაკავშირებული სხვა ბიზნესები მიიღეს სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული შეღავათები, მათ გადაუვადდათ გადასახადები და ჩვენ ამით ვცდილობთ ლიკვიდურობა შეგვენარჩუნებინა ამ სექტორისთვის. იმ ადამიანებს, რომლებსაც ვუთხარით, რომ თქვენ ჯერ-ჯერობით ვერ იმუშავებთ და ვერ გექნებათ ვალდებულების გასტუმრების შესაძლებლობა, ეს ვალდებულებები ბანკებთან მიმართებაში გადავავადეთ და ეს შეეხებოდა არამხოლოდ ბიზნესს, არამედ ნებისმიერ კერძო პირს, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს. კიდევ ერთი რამ, ადამიანებს, ვისაც ვუთხარით, რომ თქვენ მოგიწევთ სახლში ყოფნა, გთხოვთ დარჩით სახლში, ვუთხარით, რომ თქვენთვის კომუნალური გადასახადები დენი, გაზი არ იქნება გადასახდელი“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას მიიღებენ ის პირებიც, რომლებიც არაოფიციალურ სექტორში იყვნენ დასაქმებული და მათ მინიმალური პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ.

„ვთვლით, რომ არ არის პოსტკრიზისული პროგრამა, ეს არის კრიზისის მენეჯმენტის პროგრამა და ჩვენ კიდევ გვექნება კრიზისის დაძლევის პროგრამა. კრიზისის დაძლევაში ვგულისხმობდით იმას, რომ ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური მიიღებს 1200 ლარიან დახმარებას. ადამიანები, რომლებიც არაოფიციალურ სექტორში იყვნენ დასაქმებული ისინიც მიიღებენ დახმარებას მინიმალური პირობების დაკმაყოფილების პირობებში, რომ ეს ადამიანები ნამდვილად მუშაობდნენ. ეს არ არის დასასრული, ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ და ჩვენ გვესმის, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა შევუწყოთ ხელი ჩვენს ეკონომიკას, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები