ინვესტორი, რომელიც ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას აპირებს, საუბრობს, თითქოს ჩვენ ხელებს ვუგრეხთ – კალაძე

ინვესტორი, რომელიც ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას აპირებს, საუბრობს, თითქოს ჩვენ ხელებს ვუგრეხთ – კალაძე

ინვესტორი, რომელიც ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას აპირებს, გამოდის და საუბრობს, თითქოს ჩვენ ხელებს ვუგრეხთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისის მერია ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ აშენება არ დაუშვას.

„ინვესტორი, რომელიც ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას აპირებს, პირდაპირ გამოდის და საუბრობს, თითქოს ჩვენ ხელებს ვუგრეხთ. ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ ჩვენ ვინმესთვის ხელები გადაგვეგრიხა და არასწორად მოვქცეულიყავით. ჩვენთვის ქალაქისა და თბილისელების ინტერესები პირველია, არასდროს ინვესტორს ისე არ მოვექცევით, რომ კანონის ფარგლებს გარეთ გავიდეთ. თითოეული ცენტრის ინვესტიცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია. კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისთვის, ადამიანების დასაქმების თვალსაზრისით. არ გავაგრძელებ საუბარს, ყველა კარგად ვხვდებით. თუმცა, შანტაჟის ენის საუბარი კატეგორიულად მიუღებელია და ამ ინვესტორმა, ვისთანაც გასდიოდა შანტაჟის ენით საუბარი, ისევ იმას ესაუბროს. ჩვენ ვართ კატეგორიულები. კატეგორიულად მიუღებელია ამ შენობა-ნაგებობის განთავსება ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს მწვანე სივრცეში, ვაკის პარკში. ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მშენებლობა არ დავუშვათ ვაკის პარკში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინვესტორს ვაკის პარკში მრავალსართულიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა. ნებართვის გაუქმების მიზნით, დავა სასამართლოს სამივე ინსტანციაში მიმდინარეობდა, რომელიც ბოლოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დასრულდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ საჩივარი 2013 წელს გაცემული მშენებლობის ნებართვის გაუქმების შესახებ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, თბილისის მერია სასტუმრო „ბუდაპეშტის“ დამფუძნებელთან მოლაპარაკებას ცდილობს. ალტერნატივის სახით მერია ინვესტორს ადგილზე ძველი რესტორნის აღდგენას ან მიწის ადგილმონაცვლეობას სთავაზობს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები