იმის თქმა, რომ სარეკლამო ბაზარი არის კლებადი, ტყუილია-ირაკლი კობახიძე

იმის თქმა, რომ სარეკლამო ბაზარი არის კლებადი, ტყუილია-ირაკლი კობახიძე

რასაც წინა წლებში მხარს უჭერდით, დღეს ეწინააღმდეგებით, შესაძლოა მაშინ გაწყობდათ პოლიტიკურად და ახლა არ გაწყობთ, თუმცა ასე არ შეიძლება კანონზე მსჯელობა – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ”კავკასიის” დირექტორ ნინო ჯანგირაშვილს პარლამენტში, სადაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

ნინო ჯანგირაშვილსა და ირაკლი კობახიძეს შორის სიტყვიერი შეკამათება მოხდა. ნინო ჯანგირაშვილს სიტყვით გამოსვლა ირაკლი კობახიძემ შეაწყვეტინა, ის სიცრუეში დაადანაშაულა და საკუთარი არგუმენტებით უპასუხა.

”სარეკლამო ბაზარი კლებადი არ არის, იმიტომ რომ 25 მილიონიანი მატება გვაქვს 2012 და 2013 წელთან შედარებით. იმის თქმა, რომ სარეკლამო ბაზარი არის კლებადი, ტყუილია. 2014 და 2016 წლებს შორის თქვენ გიწერიათ, რომ 2 მილიონი არის მინუსი. მარეგულირებლის ინფორმაციაში წერია, რომ 3 მილიონი არის პლუსი. რეალურად, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ტყუილია, როდესაც ვამბობთ, რომ ბაზარი კლებადია. გადავიდეთ ძირითად თემებზე. საუბარია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ემატება სარეკლამო დრო. ეს გამოიწვევს თუ არ გამოიწვევს კატასტროფას ან მძიმე შედეგებს ტელევიზიებისთვის ამაზე ვისაუბროთ.

თქვენ წინა შეხვედრაზე ბრძანეთ საინტერესო რამ, რომ თურმე მხარი დაგიჭერიათ იმ კანონპროექტისთვის, რომლითაც გაუჩნდა პირველად საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის კომპონენტი, რითაც 2016 წელს მილიონ 800 ათასი აიღო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. მაშინ იყავით ამის მომხრე და ახლა გვეუბნებით, რომ მაუწყებელს თუ დაემატება მილიონ 800 ათასი, ეს ყოფილა კატასტროფა. რასაც მაშინ მხარი დაუჭირეთ, ახლა ამბობთ, რომ კატასტროფაა. შესაძლოა, მაშინ გაწყობდათ პოლიტიკურად და ახლა არ გაწყობთ, თუმცა ასე არ შეიძლება მსჯელობა,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები