„იმ ხელისუფლებამ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინაშე, უღალატა იმ პრინციპებს, რა პრინციპების ერთგულიც იყო ლევანი მიქელაძე”

„იმ ხელისუფლებამ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინაშე, უღალატა იმ პრინციპებს, რა პრინციპების ერთგულიც იყო ლევანი მიქელაძე”

„იმ ხელისუფლებამ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინაშე, უღალატა იმ პრინციპებს, რა პრინციპების ერთგულიც იყო ლევანი მიქელაძე”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ლევან მიქელაძის სახელობის ინსტიტუტსა და ფონდს შორის გაფორმებული მემორანდუმის ხელმოწერისას განაცხადა, სადაც ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ცნობილი ქართველის დიპლომატი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
„ლევანმა ეს ნაბიჯი გადადგა პირველ რიგში, თავისი ქვეყნისთვის, იმ იდეალებისთვის, რომელსაც ემსახურებოდა. ლევანი მოვიდა როგორც გამაერთიანებელი ადამიანი, რომლისაც სჯეროდათ და სწამდათ, სწორედ ამის შეეშინდათ. მაგრამ ჩვენ არაფრის არ გვეშინია. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ერთგული ვართ ამ პრინციპების და ღირებულებების. წერილში ლევანი ამბობს, რომ ჩემი გადაწყვეტილება არის თავსებადი ჩემს ღირებულებებთან და ფასეულობებთან და ეს ასეც არის. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ საქართველომ თავისი ადგილი იპოვოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში, ის ღირსეული ადგილი, რომლისთვისაც ლევანი ასე თავდაუზოგავად იბრძოდა. ის ასევე ამბობს, რომ გული უგრძნობდა, რომ ეს ბრძოლა არ დამთავრებულა და კიდევ ბევრი განსაცდელი ელოდა საქართველოს, რისი მოწმეც ჩვენ შემდგომ გავხდით. განსაცდელი და პრობლემები ყოველთვის იქნება, მაგრამ თუ ჩვენ გავერთიანდებით ასეთი ადამიანების გარშემო, ასეთ პრობლემებს ყოველთვის ღირსეულად დავძლევთ”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას.
მისი განცხადებით, ლევან მიქელაძემ საკუთარი სიცოცხლის ფასად გაიღო ეს მსხვერპლი და გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, მათ შორის ქვეყნის იმიჯის გადასარჩენად. მისი შეფასებით, ლევანმა ამ ნაბიჯით და თავისი ცხოვრებით, დააწესა დიპლომატიის მაღალი სტანდარტი და იგი ოცნებობდა ევროპული ტიპის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოდელზე, რომლისკენაც დღეს უწყება მიდის.
„ბედნიერი ვარ, რომ წლების შემდგომ, ჩვენ გავერთიანდით ლევან მიქელაძის გარშემო, ამ ღირსეული ადამიანის გარშემო, რომლისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ის პრინციპები, რომელსაც მთელი ცხოვრება ემსახურებოდა. მას სხვაგვარად არ შეეძლო და ჩვენ, რა თქმა უნდა, მის გვერდით გავერთიანდით, დავუდექით მხარში იმ ბრძოლაში რა ბრძოლაშიც ის ასე თავდაუზოგავად გადაეშვა. სამწუხაროდ, ის ჩვენთან აღარ არის, მაგრამ ჩვენი ვალია, ის პრინციპები და ღირებულებები, რისი ერთგულიც იყო ლევანი, ბოლომდე ვატაროთ. ლევანმა დააწესა დიპლომატიის მაღალი სტანდარტი. მე მინდა, რომ ამ გადმოსახედიდან, ამ სტანდარტებიდან განვავითაროთ ქართული დიპლომატია. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სამსახური, რომელიც ამ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული იქნება. ევროპული პატარა ქვეყანა ვართ და ყოველთვის ოცნებობდა ლევანი, საქართველოს ჰყოლოდა ევროპის თანაზომადი პატარა ქვეყნის სტანდარტების მქონე საგარეო სამინისტრო. რასაც შევძლებ, გავაკეთებ სანამ ვარ და რომ არ ვიქნები, იქიდანაც დავეხმარები საგარეო საქმეთა სამინისტროს, იმიტომ, რომ ეს ჩემი სახლია, ჩვენი სახლია და ჩვენთვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. ლევანმა ერთგვარად იმ ხელისუფლების პასუხისმგებლობაც აიღო ამ გადაწყვეტილებით. რა თქმა უნდა, ის ხელისუფლება არ აცნობიერებდა და ვერ გააცნობიერებდა ამას. ეს რომ გაეცნობიერებინათ, იმ სადამსჯელო ოპერაციას და რაც მას შემდგომ მოჰყვა, რა უბედურებაში და ტრაგედიაშიც აღმოვჩნდით, თავიდან ავიცილებდით”,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საკუთარ გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე გაიხსენა 2007 წლის 7 ნოემბერი.
„ძალიან კარგად მახსოვს ის დღე – 7 ნოემბერი. მაშინ ელჩად ვიყავი დანიშნული ერთ-ერთ ქვეყანაში, აგრემანს ველოდი. დილით, როდესაც გავიგეთ ასეთი ამბავი მოხდა, მყისიერად გამოვემართე სამინისტროსკენ, რუსთაველზე საშინელება ხდებოდა. ახლაც მახსოვს და ვგრძნობ იმ მომწამვლელი გაზის სუნს, რომელიც გაუშვეს, ადამიანებს როგორ დასდევდნენ პარლამენტის შენობასთან და შემდეგ ზემოთ, ჩიტაძის ქუჩაზე. ფეხით ამოვედი, შემოვედი საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასეთი სამინისტრო არ მახსოვს. იყო საოცარი სიჩუმე, ყველა შეკეტილი იყო ოთახში, ვერავინ ვნახე, ვისთანაც შემეძლო ჩემი ემოციის გაზიარება და გადმოცემა. შევედი ოთახში, ტელევიზორი ჩავრთე, თვალს ვადევნებდი. პირველი რაც გავაკეთე, ჩემი ელექტრონული ფოსტა გავხსენი და პირველი გზავნილი იყო ლევანისგან. შინაგანად დარწმუნებული ვიყავი და მივხვდი კიდეც ეს რა წერილი იქნებოდა. სხვაგვარი მოლოდინი ნამდვილად არ მქონდა. როდესაც გავხსენი წერილი და წავიკითხე, დავმშვიდდი, იმიტომ რომ მე ამ ნაბიჯს ველოდი, ვიცოდი, რომ ლევანი ასე მოიქცეოდა. ყველას იგივე განცდა გვქონდა, რომ ჩვენც ეს ნაბიჯი უნდა გადაგვედგა. ამის შემდეგ, როგორც იქნა, დავუკავშირდი ლევანს და მან მთხოვა, რომ არ გადაგვედგა ეს ნაბიჯი. მაშინაც, ამ მძიმე სიტუაციაში, ლევანი სახელმწიფოზე ფიქრობდა და გაგვაფრთხილა, რომ ჩამოიშლებოდა სახელმწიფოებრიობა. მოდი მხოლოდ ჩემი იყოს ეს პროტესტი და მერე ვიფიქროთ ამაზეო.
დღევანდელი გადმოსახედიდან, რომ ვფიქრობ და ვაანალიზებ, შესაძლოა, შეცდომა იყო, მაშინ რომ ბევრ ადამიანს მსგავსი პროტესტი გამოეხატა და მსგავსი ნაბიჯი გადაედგა, შესაძლოა, ის შედეგები არ გვქონოდა, რა შედეგებიც შემდეგ დადგა”,- აღნიშნა მინისტრმა.
ღონისძიებას, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა, ლევან მიქელაძის სახელობის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ბორდის წევრები და თანამშრომლები, ასევე, ლევან მიქელაძის ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები