ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი მღვდელმთავრებთან ერთად ჩაატარა

ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი მღვდელმთავრებთან ერთად ჩაატარა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი მღვდელმთავრებთან ერთად ჩაატარა.მსახურება სიმბოლურად ჯვარცმული იესო ქრისტეს დაკრძალვას და დატირებას ასახავს.
გარდამოხსნა, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვრის გამოსახულებაა ამოქარგული, უწმინდესმა სასულიერო პირებთან ერთად საკურთხევლიდან გამოაბრძანა. გარდამოხსნა ტაძარში სამჯერ შემოატარეს, რის შემდეგაც ტაძრის შუაგულში ყვავილებით მორთულ სპეციალურ სადგამზე დააბრძანეს. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე საფლავში არასრული სამი დღე იმყოფებოდა.
ტაძარში საგალობელი – ღვთისმშობლის დატირებაც შესრულდა.
დღეს წითელი პარასკევია, ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს.
​მორწმუნეები ამ დღეს კვერცხებს წითლად ღებავენ, ასევე აცხობენ პასკებს, რადგან სახარების თანახმად, იესო ქრისტეს ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები