ილია მეორე ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთის პატრიარქს მიმართავს

ილია მეორე ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთის პატრიარქს მიმართავს

არჩილ ტატუნაშვილის ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოსვენების საკითხზე ილია მეორე რუსეთის პატრიარქს წერილს გაუგზავნის, – ამის შესახებ ილია მეორისა და არჩილ ტატუნაშვილის მშობლების შეხვედრის შემდეგ, პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

​ჟვანიას თქმით, ამ წერილის გაგზავნას სატელეფონო საუბრები მოჰყვება.

„არჩილ ტატუნაშვილის მშობლების მხრიდან იყო თხოვნა, რომ საპატრიარქო დაეხმაროს ოჯახს ცხედრის ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენებაში.

მისმა უწმინდესობამ აღუთქვა, რომ ის მის პირად და საქართველოს ეკლესიის ხელთარსებულ ყველა რესურსს გამოიყენებს, რომ არჩილის ცხედარი დროულად დაბრუნდეს ოჯახში. უკვე მოგვცა პირველი დავალება მისმა უწმინდესობამ, რომ ოფიციალური წერილი გაიგზავნება რუსეთის პატრიარქის სახელზე და ამას მოჰყვება სატელეფონო ზარებიც“,- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

საპატრიარქოში არჩილ ტატუნაშვილის მშობლებსა და ილია მეორეს შორის შეხვედრა დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა. ოჯახი პატრიარქთან ერთად საღამოს ლოცვასაც დაესწრო.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცხედრების გადმოსვენება პატრიარქის უშუალო ძალისხმევით მოხერხდა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე – ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი – ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა თქვა, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და “საშვებს.”

ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევმა თქვა, რომ ტატუნაშვილს ქართულ მხარეს რუსეთში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადასცემენ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები