ილია მეორე: ღმერთმა ინებოს, რომ გაიხსნას ჩვენი გონება და სული

ილია მეორე: ღმერთმა ინებოს, რომ გაიხსნას ჩვენი გონება და სული

“დღევანდელი დღე განსაკუთრებულია. დღევანდელ დღეს შენდობის დღე ეწოდება. დღეს საღამოს იქნება შენდობის წესი. ასე რომ, მობრძანდით და მიიღეთ შენდობა”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.
“ხვალ იწყება დიდი მარხვა. ეს არის მარხვა სინანულისა და ღმერთმა ინებოს, რომ ამ სინანულს მოჰყვეს სიხარული. წმინდა ეფრემ ასური ამბობს: “ჰე უფალო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა“. ეს გზა – “განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა” ყველაზე იოლია, რომელიც მიგვიყვანს ჩვენ სასუფეველში, ამიტომ ყველამ უნდა დაინახოს თავის თავი. არის შემთხვევები, როცა აღსარებაზე მიდიან მოძღვართან და მოძღვარი ეკითხება თუ რა შეცოდება ჩაუდენია და იმდენად დახშულია მათი გონება, რომ ამბობენ, არანაირი ცოდვა არ მაქვსო. მოძღვარი ეუბნება, მეც კი მაქვს ცოდვაო. პასუხია, რომ შენ შესაძლოა, გაქვს, მაგრამ მე არაო. ეს იმას ნიშნავს, რომ გონება დახშულია, სული დათრგუნვილია. ღმერთმა ინებოს, რომ გაიხსნას ჩვენი გონება და სული, დავინახოთ ჩვენი შეცოდებანი და სიხარულით შევხვდეთ ბრწყინვალე აღდგომას”, -ბრძანა პატრიარქმა.
უწმინდესმა საქართველოს სკოლებში მომუშავე მანდატურებიც დალოცა.
„დღეს ჩვენ ვლოცავთ მანდატურებს, რომლებიც წესრიგს იცავენ სკოლებში, ჩვენს შვილებთან. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ღმერთმა შეიწიროს თქვენი შრომა“, – აღნიშნა ილია მეორემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები