იენს სტოლტენბერგი: უკრაინა და საქართველო ყოველთვის არიან ჩვენს ყველა დღის წესრიგსა და ყველა შეხვედრაზე, რომელსაც რუსულ მხარესთან ვმართავთ

იენს სტოლტენბერგი: უკრაინა და საქართველო ყოველთვის არიან ჩვენს ყველა დღის წესრიგსა და ყველა შეხვედრაზე, რომელსაც რუსულ მხარესთან ვმართავთ

“უკრაინა და საქართველო ყოველთვის არიან ჩვენს ყველა დღის წესრიგსა და ყველა შეხვედრაზე, რომელსაც რუსულ მხარესთან ვმართავთ”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, პირველი არხის კითხვის პასუხად განაცხადა. პირველი არხის ჟურნალისტმა ალიანსის გენერალურ მდივანს ჰკითხა, აპირებს თუ არა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე სერგეი ლავროვს საქართველოსა და უკრაინის შესახებ ესაუბროს.
„ჩვენ არ გვაქვს გაწერილი დღის წესრიგი, მაგრამ, რა თქმა უნდა, უკრაინა და საქართველო ყოველთვის არის ჩვენს ყველა დღის წესრიგსა და ყველა შეხვედრაზე, რომელსაც რუსულ მხარესთან ვმართავთ. საქართველო და უკრაინა ის ორი ქვეყანაა, რომელზეც სულ ვსაუბრობთ. პერიოდულად, ჩვენ გვაქვს ნატო-რუსეთის საბჭო და ამ საკითხებზე ყოველთვის ვმსჯელობთ. ნატო-ში მტკიცედ გვჯერა რუსეთთან ორმაგი მიდგომის. ჩვენ ვართ ერთიანი, ძლიერი და რუსეთთან დიალოგი უნდა ვაწარმოოთ. რუსეთი ჩვენი მეზობელია და დარჩება მეზობლად. ვცდილობთ, უკეთესი ურთიერთობა გვქონდეს რუსეთთან. რუსეთთან არ გვაქვს კარგი ურთიერთობა – გვაქვს დაძაბული ურთიერთობა. ჩვენს საზღვრებთან, რუსეთი უფრო მეტ წვრთნას ატარებს. ამასთან, გაზრდილია რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა. თავიდან უნდა ავირიდოთ შემთხვევები და თუ ის მოხდება, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და არ ქმნის სახიფათო სიტუაციას. ასე რომ, რუსეთთან დიალოგი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით – დაძაბული სიტუაციის დროს. ჩვენ ძალიან დიდ დახმარებას ვუწევთ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას. ეს ქვეყნები ნატო-ს პარტნიორები არიან. ჩვენ მათთან ვმუშაობთ, ვეხმარებით რეფორმების გატარებაში, მტკიცედ ვუჭერთ მხარს ამ ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამ ქვეყნებს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ვუცხადებთ და, მომავალშიც, ასე გავაგრძელებთ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები