იენს სტოლტენბერგი: ნატო გააგრძელებს ღირებული პარტნიორის – საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას

იენს სტოლტენბერგი: ნატო გააგრძელებს ღირებული პარტნიორის – საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას

“ნატო გააგრძელებს ღირებული პარტნიორის – საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა „ტვიტერში“ დაწერა.
სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართულ სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„კარგი საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან. ნატო გააგრძელებს ღირებული პარტნიორის – საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, ასევე, ჩვენ ერთობლივ ბრძოლას „კოვიდ-19-ის“ წინააღმდეგ“, – წერს სტოლტენბერგი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, საუბრისას განიხილეს პანდემიით შექმნილი რთული ვითარება და ნატო-ს გენერალურ მდივანმა უმაღლესი შეფასება მისცა ვირუსთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძლიერ ძალისხმევას და მას “ეფექტიანი” უწოდა.

„საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ძლიერდება საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირსა და ნატო-სთან. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ნატო-ს პარტნიორი ქვეყანაა და მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ ერთობლივი მუშაობა. მისი თქმით, ვირუსით გამოწვეული კრიზისი უსაფრთხოების კრიზისი არ უნდა გახდეს.

სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პანდემიის გამო ევროპაში ნატო-ს მასშტაბური წვრთნების ნაწილის გადადების მიუხედავად, იგი მომავალ წელს ჩატარდება და მას, როგორც დაგეგმილი იყო, საქართველოც უმასპინძლებს, რაც მჭიდრო პარტნიორობისა და თანამშრომლობის მაჩვენებელია. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მიმდინარე წელს ნატო საქართველოს კომისიის მინისტრების დონეზე ჩატარების მნიშვნელობას.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო ნატო-სთან ორი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებით თანამშრომლობს – შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ – ნატო-სა და ევროკავშირისათვისაც და კიბერუსაფრთხოება. სტოლტენბერგის განცხადებით, შავი ზღვის უსაფრთხოებისათვის მხარეებმა უფრო მეტი ინფორმაცია უნდა გაუზიარონ ერთმანეთს და, კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ, უფრო მეტი გეგმა უნდა განახორციელონ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა ავღანეთში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა, უმაღლესი შეფასება მისცა ამ თანამშრომლობას და მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობას  “შთამბეჭდავი” და “მტკიცე” უწოდა“, – ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები