ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩემი მორალური პასუხისმგებლობაც რომ დადგეს, მე თანამდებობას დავტოვებ

ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩემი მორალური პასუხისმგებლობაც რომ დადგეს, მე თანამდებობას დავტოვებ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პირობა დადო, რომ, იმ შემთხვევაში, თუ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საკითხზე მის მიმართ მორალური პასუხისმგებლობა მაინც დადგება, ის თანამდებობას დატოვებს.
მისი თქმით, აღნიშნული განცხადება ადრეც გააკეთა და მხოლოდ გამოძიების დასრულებას ელოდება.
„გამოძიება როგორც კი დასრულდება, სამართლებრივი პასუხისმგებლობა რომც არ დადგეს და მორალური პასუხისმგებლობა დადგეს, მე დავტოვებ თანამდებობას. ეს განცხადება მე პირველივე დღეს გავაკეთე“, – აღნიშნა ბატიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი, ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2018 წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა, რასაც ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია პედაგოგზე პოლიტიკურ ზეწოლად აფასებდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები