ჰაერის დაბინძურების პრობლემა ყველაზე მეტად თბილისს აქვს, მოსახლეობის სიჭარბისა და მანქანების რაოდენობის გამო-მამუკა ბახტაძე

ჰაერის დაბინძურების პრობლემა ყველაზე მეტად თბილისს აქვს, მოსახლეობის სიჭარბისა და მანქანების რაოდენობის გამო-მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ატმოსფერული ჰაერის დაცვის პოლიტიკის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემა ყველაზე მეტად თბილისს აქვს, მოსახლეობის სიჭარბისა და მანქანების რაოდენობის გამო.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰაერის დაბინძურებისგან დაცვა და ამისათვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

„ჩვენი მწვანე პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მიმართულებაა ატმოსფერული ჰაერის დაცვა. მთავრობის მწვანე პოლიტიკა, ეს არის ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ხედვა. უფრო მეტიც, მე ვიტყოდი, ეს არის ცხოვრების ახალი წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით და ვუვლით ბუნებას, ვინაწილებთ პასუხისმგებლობას და შედეგად ვიღებთ სუფთა ჰაერს, საბოლოოდ კი ჯანსაღ გარემოს, სადაც უსაფრთხოდ იცხოვრებენ მომავალი თაობები. როდესაც ლაპარაკია ეკოლოგიაზე და გარემოს დაცვაზე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰაერის დაბინძურებისგან დაცვა და ამისათვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომელიც დღევანდელი მსოფლიოს წინაშე, განსაკუთრებით კი მსხვილ ურბანულ დასახლებებში და სამრეწველო ზონებში დგას და სასწრაფო გადაწყვეტას საჭიროებს.

„სამწუხაროდ, ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. ჰაერის დაბინძურების მხრივ, ყველაზე მეტი პრობლემა ბუნებრივად, მაინც თბილისს აქვს, მოსახლეობის სიჭარბისა და მანქანების რაოდენობის გამო. ამიტომაც, მწვანე ეკონომიკის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ჰაერის დაცვისთვის საჭირო კონკრეტულ ღონისძიებებს ითვალისწინებს. მინდა გითხრათ, რომ ჰაერის დაცვის პოლიტიკას განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ჩვენს განახლებულ სამთავრობო პროგრამაში. ეს გულისხმობს როგორც ევროპულ და საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული რეგულაციების შემოღებას, ისე სხვადასხვა მნიშვნელოვან რეფორმას. უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები ჰაერის დაბინძურებისგან დასაცავად, რაც აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც. მოგეხსენებათ, რომ საწვავის ხარისხის გაუმჯობესება ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა, ჰაერის დაბინძურებისგან დაცვის თვალსაზრისით. 2017 წლიდან ჩვენ შემოვიღეთ ბენზინის უფრო მაღალი, ევრო-5 სტანდარტი.  გასული წლის ბოლოს, მთავრობამ მიიღო ახალი რეგულაციები და 2019 წლის პირველი იანვრიდან დიზელის საწვავის ხარისხი ევრო-4 სტანდარტს გაუტოლდა, 2020 წლის პირველი იანვრიდან კი საქართველო ევრო-5-ის სტანდარტზე გადავა. დიზელის საწვავის სტანდარტის გაუმჯობესებასთან ერთად, 2019 წელს გააქტიურდება მასში გოგირდის შემცველობის ნორმასთან შესაბამისობის კონტროლი. მომავალ წელს ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ შემოწმებებს ამ კუთხით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მთავრობამ, თბილისის მერიასთან ერთად, შეიმუშავა 40-პუნქტიანი გეგმა, რომელშიც გაწერილია ძალიან კონკრეტული და ქმედითი ღონისძიებები, რომელთა შესასრულებლადაც აქტიურად მუშაობს ყველა უწყება.

„როგორც იცით, 2018 წლის 1-ლი აგვისტოდან ქვეყანაში ჰაერის ხარისხის შეფასება ხდება თანამედროვე ევროპული სტანდარტებით და აქტიურად მიმდინარეობს მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესება. ასევე შემუშავებულია ახალი რეგულაციები მსხვილი სამრეწველო ობიექტებისთვის, რაც ითვალისწინებს თანამედროვე, ევროპული ნორმების დაწესებას. მოგეხსენებათ, წელს სრულად ამოქმედდა ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების სისტემა და ეტაპობრივად მოხდება ავტოპარკის ე.წ გაახალგაზრდავება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება, რაც გულისხმობს მუნიციპალური ავტობუსების პარკის სრულად განახლებას. მისასალმებელია, რომ თბილისის მერიას ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები აქვს ამ თვალსაზრისით და ჩვენ მათ ამ ინიციატივას სრულად ვუჭერთ მხარს. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ჰაერის დაბინძურებას დიდწილად განაპირობებს სამშენებლო საქმიანობაც. სამწუხაროა, რომ ამ მხრივ ჩვენი საკანონმდებლო ბაზა არ იყო სრულყოფილი. ამიტომაც, აუცილებელია ისეთი რეგულაციების შემოღება, რომლებიც მოაწესრიგებს ამ სფეროს. უკვე შემუშავებულია მშენებლობის სტანდარტებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები და საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარდგენილია საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, სამთავრობო პროგრამაში გათვალისწინებულია რაც შეიძლება მეტი მწვანე ზონის შექმნა და არსებულის გაფართოება.

„როგორც იცით, თბილისის მერია მოიძიებს შესაბამის ადგილებს ახალი მწვანე სივრცეების შესაქმნელად ქალაქის ცენტრალურ უბნებში, და დარწმუნებული ვარ, ეს ინიციატივა სულ უფრო და უფრო მასშტაბური გახდება. მიგვაჩნია, რომ ჩვენს საზოგადოებაში უნდა მოხდეს ღრმა კულტურული გარდატეხა გარემოს დაცვის კუთხით. საჭიროა მეტი განათლება, მეტი ინფორმირებულობა იმისთვის, რომ ადამიანებს უფრო ფართო წარმოდგენა ჰქონდეთ გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე. საზოგადოებას დროულად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია როგორც ჰაერის მდგომარეობის, ისე მისი დაცვის გზებისა და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ. ცნობიერების ამაღლება გადამწყვეტი ფაქტორია ამ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის გადასალახად, რადგან თითოეულ ჩვენგანს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საქმეში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე შექმნა ატმოსფერული ჰაერის ინფორმირების პორტალი, რომელიც როგორც ჰაერის მდგომარეობის შესახებ, ისე სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, ინფორმაციის მიღების ძალიან კარგი საშუალებაა.

„მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ უკეთესი გარემო, უფრო სუფთა ჰაერი და მეტი მწვანე სივრცე შევუქმნათ ჩვენს მომავალ თაობებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები