გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონია.

გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონია.

გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონია. ქართველმა სპორტსმენმა ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე (+100 კგ.) ოთხი ბრძოლა მოიგო.
ფინალურ შეხვედრაში გურამ თუშიშვილი უშანგი კოკაურს შეხვდა, რომელიც მასპინძელი აზერბაიჯანის სახელით ასპარეზობდა.
ფინალური ბრძოლა დაძაბული გამოდგა. ბრძოლის დასრულებამდე წუთითა და ათი წამით ადრე ვაზაარი კოკაურმა მოიპოვა, მაგრამ მსაჯებმა გაუუქმეს.
დაპირისპირების ძირითადი დროის დასრულებამდე ოთხი წამი რჩებოდა, როდესაც თუშიშვილმა კარგი ჩავლება აიღო, ილეთი შეასრულა და გამარჯვება იპონით მოიპოვა.
მანამდე კი, დღის პირველ შეხვედრაში, გურამ თუშიშვილმა რუმინელი დანიელ ნატეა დაამარცხა, მეორე დაპირისპირებაში კი უკრაინელ იაკივ ხამოს აჯობა.
დრამატული გამოვიდა მეოთხედფინალი, რომელშიც თუშიშვილი ჰოლანდიელ როი მაიერს შეხვდა. მან ორთაბრძოლა დამატებით დროში შესრულებული გდებით მოიგო. ტურნირის ნახევარფინალში ქართველი სპორტსმენი მონღოლ დურენბაიარ ულზიბაიარს შეხვდა, რომელიც ბრძოლის დაწყებიდან სამ წუთში იპონით დაამარცხა.
ეს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებისთვის პირველი ოქროს მედალი იყო.
ბრინჯაოს მედალი ტურნირის პირველ დღეს ამირან პაპინაშვილმა აიღო, ხოლო ვერცხლს კი ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი დაეუფლა.

კატეგორიები: სპორტი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები