გორის სამხედრო ჰოსპიტალი განცხადებას ავრცელებს

გორის სამხედრო ჰოსპიტალი განცხადებას ავრცელებს

გორის სამხედრო ჰოსპიტალი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ვიდეოკადრების თითქოსდა შეგნებულად გაანადგურების შესახებ გავრცლებულ ცრუ ინფორმაციას განცხადებით ეხმიანება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კამერებს აქვთ 72-საათიანი მუშაობის რეჟიმი, რის შემდეგაც ავტომატურად ხდება მასალის გადაწერა.

„ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდება ცრუ ინფორმაციები, თითქოსდა ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმა შეგნებულად გაანადგურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კადრები.

საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის პერიოდში მის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დამონტაჟდა კამერები. როგორც მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან უკან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა განხორციელდა 30 დეკემბერს, 00:15 საათზე. რადგან აღნიშნული კამერები ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების მიზნებს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ამ კადრების შენახვის არავითარი ვალდებულება აღარ არსებობდა.

მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაყვანიდან თითქმის, ორი დღის შემდეგ, 31 დეკემბერს, 18:25 საათზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან შემოვიდა წერილი, სადაც მოთხოვნილი იყო 27 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით ვიდეო-მასალის დაარქივება. როგორც უკვე განვმარტეთ, აღნიშნული ვიდეომასალა უკვე წაშლილი იყო, რადგან არ არსებობდა მისი შენახვის არც ვალდებულება და არც მიზანშეწონილობა. უფრო მეტიც, სახელმწიფო ინსპექტორის მოთხოვნა სრულად ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდებოდა, კამერები კვლავ მუშა მდგომარეობაშიც კი რომ ყოფილიყო, რადგან აღნიშნულ კამერებს აქვთ 72-საათიანი მუშაობის რეჟიმი, რის შემდეგაც ავტომატურად ხდება მასალის გადაწერა. სახელმწიფო ინსპექტორის წერილი კი როგორც აღინიშნა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიდან გაწერიდან საკმაოდ დიდი პერიოდის შემდეგ შემოვიდა.

ამასთან, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში დავით ღონიაშვილს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის მიცემული აქვს დეტალური ჩვენება და მათ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ტიპის კანონდარღვევა არ დაუფიქსირებიათ.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ საზოგადოებისათვის ცხადი იქნება, რომ მიმდინარე კამპანია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციების ნაწილია და სინამდვილესთან არავითარი კავშირი არ გააჩნია“, – აცხადებენ სამხედრო ჰოსპიტალში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები