გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელის შემდეგ, დედაქალაქის მერია ხიდებისა და შენობების მოხატვას იწყებს

გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელის შემდეგ, დედაქალაქის მერია ხიდებისა და შენობების მოხატვას იწყებს

გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელის შემდეგ, დედაქალაქის მერია ხიდებისა და შენობების მოხატვას იწყებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერმა მის მოადგილეს, სოფიო ხუნწარიას დაავალა, ქალაქში მოიძიოს ისეთი ადგილები, სადაც პროექტის გახორციელება იქნება შესაძლებელი.
“როგორც იცით, „სთრით-არტი“ ანუ ქუჩის ხელოვნება თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ფორმა და თვითგამოხატვის საშუალებაა. ხშირად მას ურბანულ ხელოვნებასაც ეძახიან. ჩვენ ერთი პროექტი გმირთა მოედანზე უკვე განვახორციელეთ და ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ მივცემთ ჩვენს ქალაქსაც და ახალგაზრდებსაც შესაძლებლობას, რომ ერთი მხრივ, უსახური კედლები, ხიდები და გადასასვლელები გალამაზდეს და მეორე მხრივ, ახალგაზრდობამ ხელოვნებაში გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ქალაქის მიმართ. მინდა დავავალო ქალბატონ სოფოს, შეირჩეს ასეთი სივრცეები, დაიგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები მათ მოსახატად და გაზაფხულიდან უკვე დაიწყოს სამუშაოების შესრულება”, – განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ მერიის არქიტექტურისა და ურბანულ სამსახურებში გამოცხადებულია 30-მდე ვაკანსია, რის შესაბამისადაც კალაძემ მოქალაქეებს კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
“გვაქვს გამოცხადებული მთელი რიგი სამსახურების ვაკანსიები და მინდა მოვუწოდო ყველა პროფესიონალს, იაქტიუროს. ეს არის არქიტექტურისა და ურბანული სამსახურის მიმართულებით 30-მდე ვაკანსია. მინდა მოგიწოდოთ ყველას, ვისაც გაქვთ შესაბამისი განათლება, არის პროფესიონალი, მოგვმართოს და მიიღოს მონაწილეობა კონკურსში – თქვენი წვლილი შეიტანეთ ქალაქის განვითარებასა და აღმშენებლობაში”, – განაცხადა კალაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები