“გლდანის სამედიცინო დაწესებულებას აქვს შესაძლებლობა, მოიწვიოს ნებისმიერი სპეციალისტი, რომელიც დასჭირდება“

“გლდანის სამედიცინო დაწესებულებას აქვს შესაძლებლობა, მოიწვიოს ნებისმიერი სპეციალისტი, რომელიც დასჭირდება“

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, რეგულირების სააგენტოს მხრიდან მონიტორინგის დროს გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულება შეფასდა არაერთი მიმართულებით, მათ შორის სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირებასთან დაკავშირებით.

საკითხზე საუბრისას გაბუნიამ აღნიშნა, რომ დაწესებულების ხელმძღვანელის სერტიფიკატთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინიტროს კითხვის ნიშნები არ აქვს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში რეგულირების სააგენტომ ჩაატარა მონიტორინგი. ეს იყო ოქტომბრის ბოლო პერიოდში. შეფასდა დაწესებულების შესაბამისობა ნებართვების პირობებთან და იმ მიმართულებებთან, რაზეც ამ დაწესებულებისთვის 2014 წლიდან გარკვეული ნებართვებია გაცემული. აქ შედის თერაპიული, რეანიმაციული, ლაბორატორიული მიმართულებები. ბუნებრივია, პერსონალი შეფასდა სერტიფიკატის ქონის კუთხით, ასევე იყო თუ არა პერსონალი ყველა მიმართულებით დაკომპლექტებული ყველა სერვისით. ამის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა. რაც შეეხება დაწესებულების ხელმძღვანელს, ბუნებრივია, მისი სერტიფიკატიც არის შეფასებაში და ჩვენ ამ სერტიფიკატებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ გვაქვს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება კონსილიუმს, თამარ გაბუნიას განმარტებით, გლდანის სამედიცინო დაწესებულებას აქვს შესაძლებლობა, რომ კონსილიუმის გარეშეც უზრუნველყოს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მონიტორინგი.

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, გლდანის დაწესებულებას შეუძლია, მიიწვიოს ნებისმიერი სპეციალისტი, რომელიც დასჭირდება.

„კონსილიუმს, რომელიც შეიქმნა რუსთავის დაწესებულებაში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მონიტორინგისთვის, იუსტიციის სამინისტრო მართავდა თითქმის მთელი ერთი თვის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც მოხდა პაციენტის გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში, კონსილიუმის გარედან მოწვეული ექსპერტების საჭიროება ნამდვილად აღარ დგას. გლდანის დაწესებულებას დღეს აქვს ხელშეკრულებები მთელ რიგ სამოქალაქო კლინიკებთან, საიდანაც მას შეუძლია, მოიწვიოს ნებისმიერი სპეციალური სპეციალისტი, რომელიც დასჭირდება. ამ შემთხვევაში, კონსილიუმის საჭიროება იმ ფორმატით, როგორც მუშაობდა რუსთავის დაწესებულებისთვის, ჩვენი შეფასებით, დღეს გლდანის სამედიცინო დაწესებულების ფორმატში არ დგას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გლდანის სამედიცინო დაწესებულებას არ შეუძლია, მოიძიოს ექსპერტი, შექმნას ადგილზევე კონსილიუმი, თუკი ამის საჭიროება იქნება. ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტული პროცესი.

გლდანის საავადმყოფო არის ცე ტიპის მრავალპროფილური კლინიკა, რაც აღწერილი რეგულირების სააგენტოს დასკვნაში. ეს ნიშნავს, რომ იქ არის საკმარისი პირობა მდგომარეობის მართვის. ეს არის სტანდარტული საავადმყოფო, რომელსაც აქვს ინტენსიური თერაპიის გაწევის შესაძლებლობა. ბუნებრივია, ამ საავადმყოფოს ასევე შეუძლია, ნებისმიერ დროს მასთან ხელშეკრულებით მყოფი კლინიკებიდან მოიწვიოს სპეციალისტი და ექიმმა მიიღოს შესაბამისი დამატებითი რჩევა. კონსილიუმი, რომელიც შეიქმნა დროებით მიზნებისთვის, კონკრეტულად რუსთავის დაწესებულებაში, დღეს ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე იუსტიციის სამინისტრო ამ ფორმატში მუშაობის გაგრძელების აუცილებლობას ვერ ხედავს. პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით შესაძლებელია სპეციალისტის მოწვევა, მეორე აზრის მოძიება. პაციენტის ჯანმრთელობას მართავს იქ მყოფი ექიმი და ექიმების გუნდი. რა ინფორმაციაც მაქვს, გლდანის საავადმყოფოში მუშაობს მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდი, რომელსაც შეუძლია, შეაფასოს მისი მდგომარეობა, მართოს, გამოავლინოს  რისკები. თუ რაიმე რისკი დაინახა, რომ სჭირდება დამატებითი დახმარება, მოითხოვენ დამატებით დახმარებას. ეს პროცესი გამჭვირვალეც იქნება და ამის შესახებ ყველა შევიტყობთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები