გიორგი ცუცქირიძე: ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გზის პროექტით სახელმწიფო საგზაო მოძრაობის შეფერხებებისა და უბედური შემთხვევების შემცირებას ცდილობს

გიორგი ცუცქირიძე: ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გზის პროექტით სახელმწიფო საგზაო მოძრაობის შეფერხებებისა და უბედური შემთხვევების შემცირებას ცდილობს

ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გზის პროექტით სახელმწიფო ცდილობს წლების განმავლობაში დაუძლეველი პრობლემის მოგვარებას – საგზაო მოძრაობის შეფერხებებისა და უბედური შემთხვევების შემცირებას, – ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე აცხადებს.

მისი თქმით, კობამდე მისასვლელი 35-კილომეტრიანი გზა არ არის უსაფრთხო, გადატვირთული და ზვავსაშიშია.

“უცნაური ხალხი ვართ. ყოველ ზამთარს ვუყურებთ ერთ და იგივე ამბავს – რომ კობი-გუდაურის გზაზე ზვავსაშიშროების გამო შეიზღუდა მოძრაობა და ათეულობით სატვირთო მანქანა ელოდება გზის გახსნას. დღესაც დგას იქ ხალხი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეც ალბათ და უცხოელიც. ჩაკეტილია გზა ხეობაში იმ სოფლებისთვისაც, რომლებშიც ისედაც რამდენიმე ადამიანიღა შემორჩა. პრობლემა ექმნება ყაზბეგის მოსახლეობასაც და ტურისტებსაც. მაგრამ, როდესაც ხელისუფლება გვეუბნება, რომ სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად იწყებს უზარმაზარი მნიშვნელობის პროექტს, არ გვჯერა. სამაგიეროდ ვიჯერებთ რეპუტაციაშერყეული პოლიტიკოსების მითოლოგიურ მსჯელობას რუსის ტანკებისთვის გვირაბის გაყვანის შესახებ.

სინამდვილეში, ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გზის პროექტით სახელმწიფო ცდილობს წლების განმავლობაში დაუძლეველი პრობლემის მოგვარებას – საგზაო მოძრაობის შეფერხებებისა და უბედური შემთხვევების შემცირებას. ამ გზაზე რამდენიმე წლის წინ დევდორაკის სტიქიაც მოხდა და სწორედ იმიტომ, რომ იქ ხალხი დავიცვათ სტიქიისგან, აშენდა გვირაბი. კობამდე მისასვლელი არსებული 35 კილომეტრიანი გზა არ არის უსაფრთხო, გადატვირთული და ზვავსაშიშია. არსებული გზის გამტარუნარიანობა არ შეესაბამება ტრანსპორტის მოძრაობის მოცულობას. ამ გზაზე მრავლადაა მაღალი და მკვეთრი მოსახვევები. ხოლო გვირაბი, რომელიც ქვეშეთში იწყება, მთავრდება ისევ საქართველოში – ყაზბეგში და მისი დანიშნულება, პირველ რიგში, სწორედ საქართველოს მთიანი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებაა.

ჰოდა, კიდევ ერთი – ტანკს რა უნდა გვირაბში? გვირაბში შესული მოწინააღმდეგის განეიტრალება ყველაზე მარტივი დასაგეგმია. ლოგიკაც ხომ უნდა ჩავრთოთ ზოგჯერ?,”- აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები