გიორგი ცუცქირიძე -მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები სწრაფ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს

გიორგი ცუცქირიძე -მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები სწრაფ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს

ექსპერტი საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ცვლილებები გრძელვადიან პერსპექტივაში სწრაფ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს.

აღნიშნული შეფასება ექსპერტმა რამდენიმე სამინისტროს გაერთიანებაზე გააკეთა, რის შესახებაც პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„პირველთან“ საუბარში ექსპერტი აღნიშნავს, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებებით ქვეყანა ევროპული მმართველობის მოდელს უახლოვდება და ბიუროკრატიული ხარჯები მცირდება.

ცუცქირიძის განცხადებით, ევროპული გამოცდილების თანახმად, რაც უფრო მცირეა ბიუროკრატიული ხარჯები, მით უფრო ეფექტურად მუშაობს მთავრობა.

„ორი მნიშვნელოვანი მომენტია ამ ცვლილებებში. ერთი ის, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები ბიუროკრატიულ ხარჯებს შეამცირებს. 2012 წელს ბიუროკრატიული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის 38 პროცენტს შეადგენდა, 2018 წლის ბიუჯეტით კი ბიუროკრატიული ხარჯები 27 პროცენტამდეა შემცირებული. სამომავლოდ, ალბათ, კიდევ უფრო შეამცირებენ. ევროპულ ქვეყნებში ბიუროკრატიული ხარჯები 20-25 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ინსტიტუციონალური ნაწილი. ფუნქციების უფრო ოპტიმალურად გადანაწილება. საუბარი იყო რამდენიმე სამინისტროს გაერთიანებაზე. პრემიერმა სამართლიანად აღნიშნა, რომ მექანიკურ გაერთიანებაზე კი არ არის საუბარი, არამედ ლაპარაკია ფუნქციების უფრო სწორ განაწილებაზე. ეკონომიკური ბლოკი ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდა – ეკონომიკის ყველა ძირითადი მიმართულება. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა, როგორც გადაწყვეტილების მიღების, ისე დაგეგმვის თვალსაზრისით. რამაც უნდა უზრუნველყოს გრძელვადიან პერსპექტივაში სწრაფი ეკონომიკური ზრდა. უფრო მეტად კოორდინირებული იქნება მუშაობა და გადაწყვეტილების მიღებაც და შესრულებაც უფრო სწრაფად მოხდება“, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებაზე ისაუბრა. პრემიერის ცნობით, ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. ეკონომიკას ახლა ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს, ქუმსიშვილს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე შეცვლის. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროები კი გაერთიანდა. გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდა.

გაუქმდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. ახალგაზრდობის საქმეთა მართვა განათლების სამინისტროს შეუერთდა, სპორტის მიმართულება – კულტურის სამინისტროს.

შსს-ში შეიქმნა, ასევე, ახალი სტრუქტურული ერთეული. შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, რომელსაც შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს. მინისტრის პოსტზე მღებრიშვილს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის. განათლების ახალ მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები