გიორგი მარგველაშვილი-ოკუპაცია იყო ისტორიული უსამართლობა და საქართველოსთვის ერთგვარი დასჯა თავისუფლების დამოუკიდებლობის იდეალებისკენ სწრაფვისთვის.

გიორგი მარგველაშვილი-ოკუპაცია იყო ისტორიული უსამართლობა და საქართველოსთვის ერთგვარი დასჯა თავისუფლების დამოუკიდებლობის იდეალებისკენ სწრაფვისთვის.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გერმანულ გამოცემა „დოიჩე ველესთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ოკუპაცია იყო ისტორიული უსამართლობა და საქართველოსთვის ერთგვარი დასჯა თავისუფლების დამოუკიდებლობის იდეალებისკენ სწრაფვისთვის.
მისივე თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია მოხდა არა 2008 წელს, არამედ 90-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლის პირველ წლებში, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობის გზას დაადგა.
„90-იანი წლების დასაწყისიდან აქ ხდება ის, რასაც ახლა ჰიბრიდულ ომს ეძახიან, რაც ევროპული აუდიტორიისთვის კარგად ნაცნობია, რაც უკრაინის აღმოსავლეთში ხდება, როდესაც რუსეთის ინტერესების გატარება ხდება არა რეგულარული არმიის გამოყენებით, არამედ ჰიბრიდული ომის მეთოდებით. ანუ ეს რეგიონები ოკუპირებული იყო 90-იანი წლების დასაწყისიდან. 2008 წელს ეს ოკუპაცია გაგრძელდა, როდესაც რუსეთის შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ და დაიკავეს რეგიონი. ორი კვირის შემდეგ კი ე.წ. სახელმწიფოების დამოუკიდებლობის შესახებ გამოცხადდა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც საქმე აქვს რუსეთთან, ძალიან ფრთხილად უნდა მოიქცეს, რათა პროვოკაციებს არ წამოეგოს და მშვიდობა შეინარჩუნოს.
მისივე თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისთვის ისტორიული მომენტია საჭირო.
„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უკიდურესად ფრთხილი და მომთმენნი უნდა ვიყოთ, რადგან საქმე გვაქვს რუსეთთან. რუსეთში კი აგრესიული განვითარების პერიოდები შედარებით კონსტრუქციული პერიოდებით ნაცვლდება. ამიტომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც საქმე აქვს რუსეთთან, განსაკუთრებით ჩვენს პრობლემატურ რეგიონში, უნდა მოიქცეს უკიდურესად ფრთხილად, რომ არ წამოეგოს პროვოკაციებს და მშვიდობა შეინარჩუნოს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან, რომელიც მსხვილი სამხედრო და ბირთვული სახელმწიფოა. ფრთხილად ყოფნა უკიდურესად წინდახედულად მოქცევას და რუსეთის ფედერაციასთან ყველანაირი კონფლიქტებისგან თავის არიდებას ნიშნავს.
ჩვენ ისტორიულ მომენტს უნდა დაველოდოთ, როდესაც შევძლებთ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის აღდგენას. ისტორიული მომენტი – ეს არის ბერლინის კედლის დაცემა. ეს არის მომენტი, როდესაც ადამიანებს ეძლევათ საშუალება დაანგრიონ ევროპაში ხელოვნურად აღმართული კედლები. ჩვენს ტერიტორიაზე გავლებული მავთლხლართები ბერლინის კედლის ანალოგია, თუმცა ჯერ ასეთი მომენტი არ დამდგარა, უნდა მივდიოთ პრინციპებს და განვავითაროთ ქვეყანა, რომ ის უფრო მიმზიდველი გამოჩნდეს. საჭიროა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებთან უშუალო კონტაქტების დამყარება და ამ ადამიანების საზოგადოების სოციალურ სტრუქტურებში ღრმა ინტერგაციის ხელის შეწყობა, ასევე საჭირო ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც გამოჩნდება, როდესაც ისტორიული მომენტი დადგება“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟანა ნემცოვასთან ინტერვიუში.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები